მარხვა, დროებითი თავშეკავება გარკვეული საკვების, სასმელის და ა. შ. მიღებისაგან. მ. ასკეტიზმის ერთგვარი ფორმა და თითქმის ყველა რელიგიისათვის დამახასიათებელი ატრიბუტია, თუმცა ქრისტიანობაში, კონკრეტულად მართლმადიდებლობაში, მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მ. უპირველესად ადამიანის სულიერი სამყაროს განწმენდის, უფალთან მიახლების და მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრება, ქრისტიანობაში უმთავრესი იმ სულიერ თუ ხორციელ ლტოლვათა ალაგმვაა, რ-ებიც ადამიანს წინ ეღობება ღვთისკენ სავალ გზაზე.
მ. ცნობილი იყო ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში, ვეგეტარიანიზმის სახით კი ინდური კულტურის განუყოფელი ნაწილია. იუდაიზმში მ. (ცომ) მონანიებას, გლოვას, სულიერ განწმენდას უკავშირდება და ებრაელი ერის ისტ. რეალობის თანხვედრილია. ისლამში მ. (არაბულად – საუმ, თურქ. – ურაზმა) რამადანის თვეს ემთხვევა. მორწმუნეებს მთელი დღის განმავლობაში, მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე ეკრძალებათ ჭამა, სმა, თამბაქოს მოწევა და სხვ.
ქრისტ. სამყაროში მ. ამ რელიგიის წარმოშობიდანვე არსებობს. მას სათავე თავად ქრისტეს 40-დღიანმა მ-მ დაუდო, თუმცა ქრისტიანობის სხვადასხვა მიმდინარეობაში მ. სხვადასხვა ხასიათისაა. მონოფიზიტობასა და ნესტორიანელობაში იგი სიმკაცრით გამოირჩევა, კათოლიციზმში შემსუბუქებულია (მარხულობენ მხოლოდ დიდი მ-ის პირველი კვირის ოთხშაბათს, ვნების კვირის პარასკევს, მიძინებისა და შობის წინა დღეს), ხოლო პროტესტანტიზმმა (გარდა ანგლიკანური ეკლესიისა) მ. საერთოდ უარყო და იგი მხოლოდ ცალკეული პიროვნებების ნება-სურვილს დაუმორჩილა. მართლმადიდებელმა ეკლესიამ მ-ის სისტემა საბოლოოდ კონსტანტინოპოლის 1166 კრებაზე დაადგინა და წელიწადში 200 დღეს ითვალისწინებს. არსებობს ერთდღიანი (ყოველი ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა; ნათლისღების წინა დღე – 18 იანვარი; წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე – 11 სექტემბერი; ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი) და მრავალდღიანი მ. (დიდი მ. – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ) მოძრავია და გრძელდება 7 კვირა; პეტრე-პავლობის მ. (წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ) – 1–5 კვირა; მარიამობის მ. (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების წინ) – 2 კვირა; შობის მ. (ქრისტესშობის წინ) – 6 კვირა. გარდა ხანგრძლივობის სხვადასხვაობისა, განსხვავებულია მათი დაცვის სიმკაცრეც.
საქართველოში, როგორც ქრისტ. ქვეყანაში, მ. ზოგადეკლესიური სწავლების მიხედვით იყო დაცული, თუმცა ერთგვარი თავისებურებითაც გამოირჩეოდა. მ. მიცვალებულის გლოვას უკავშირდებოდა, კერძოდ დაკრძალვამდე ჭირისუფლები მარხულობდნენ, რაც ხშირად გარდაცვალებიდან 40 დღემდე გრძელდებოდა. ეს წესი განსაკუთრებით დას. საქართველოში იყო გავრცელებული და გარკვეულწილად, დღემდე შემორჩა. დიდი მარხვის დაწყება კი მთელ საქართველოში განსაკუთრებული ეთნოგრ. წეს-ჩვეულებებით გამოირჩეოდა.
ლიტ.: იოანე ოქროპირი, ოქროს წყარო, წგ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბ., 1986; შმემანი ა.(პროტოპრესვიტერი), დიდი მარხვა, თბ., 2005.
ზ. ეკალაძე