კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი ყვარელში, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, დაარსდა 1957 სახლში, რ-შიც დაიბადა მ. XX ს-ში სახლი სხვადასხვა დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა: 1922-38 აქ იყო ჰოსპიტალი, 1938-46 – სამხედრო კომისარიატი. 1956 თავდაპირველი შენობის ერთ ოთახში გაიხსნა მ-ის ბ-კა-მუზეუმი, 1957 დაარსდა სახლ-მუზეუმი, ხოლო 1959-ის ივნისში – მემორიალური მუზეუმი, რ-საც XX ს. 80-იან წლებში ჩაუტარდა რესტავრაცია და მიიღო ამჟამინდელი სახელწოდება.
მუზეუმში დაცულია 3 ათ-ზე მეტი ექსპონატი. საექსპოზიციო სივრცის პირველ განყ-ბაში მ-ის ოჯახის წევრთა სურათებია გამოფენილი, მეორე განყ-ბა ქართ. თეატრში მისი მსახიობობის პერიოდს (1894–97) ეთმობა, მესამე განყ-ბა კი – რუს. სცენაზე მის სარეჟისორო მოღვაწეობას ასახავს (1897–1922).
მუზეუმში მოწყობილია ექსპოზიცია, რ-იც ეძღვნება მ-ის რუსთაველის თეატრში მოღვაწეობის პერიოდს (1922–26) და მის გარდაცვალებას. მუზეუმში დაცულია რეჟისორის მემორიალური ნივთები, მ-ის ფილმის "ამოკისა" და სპექტაკლების აუდიო- და ვიდეოჩანაწერები: მიმოწერა ქართ. თეატრისა და კინოს გამოჩენილ მოღვაწეებთან ფოტოები და პიესები, ქართველ ხელოვანთა (ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვ.) ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები; დეკორ.-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები; ხელნაწერები, XX ს-ის დასაწყისის ავეჯი, ჭურჭელი და სხვ.
სახლი XIX ს-ის დასაწყისში მ-ის პაპამ, სოლომონ ჭავჭავაძემ ააგო. დღეისათვის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია მისი თავდაპირველი სტრუქტურა და მხატვრული სახე. იგი ორსართულიანია და ორივე სართული ოჯახის საცხოვრებლადაა განკუთვნილი. ნაგებობა ნაშენია რიყის ქვით, ხოლო კარ-სარკმლების ღიობები, ლავგარდანი და სარკმლების თავსართები აგურითაა გამოყვანილი. შენობის ფასადები ძირითადად პირვანდელი სახითაა შემორჩენილი.
გარდა არქიტ. და მემორიალური ღირებულებისა, სახლს ისტ. მნიშვნელობაც აქვს: აქ იკრიბებოდნენ ქართ. კულტურის, საზ-ბის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, ხელოვანები და საზ. მოღვაწეები: ა. წერეთელი, გ. წერეთელი, ი. ჭავჭავაძე, ა. ყაზბეგი, დ. ყიფიანი, ი. მაჩაბელი, ა. ცაგარელი, ვ. აბაშიძე, ლ. ალექსი-მესხიშვილი, მ. საფაროვა-აბაშიძისა და სხვ.