მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე

მარჯანიშვილი კონსტანტინე კონსტანტინეს ძე (13(26). VIII. 1903, მოსკოვი, – 13. II. 1981, იქვე, დაკრძალულია თბილისში), მათემატიკოსი, სსრკ მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1974, წ.-კორ. 1964), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1949), სოციალ. შრომის გმირი (1973), რეჟისორ კ. მარჯანიშვილის შვილი.

მ-მა დაამთავრა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) სახელმწ. უნ-ტი მათემატიკის სპეციალობით (1924); სტუდენტობისას გახდა აკად. ი. ვინოგრადოვის მოწაფე; საქართვ. განათლების სახ. კომისარიატის მივლინებით იმყოფებოდა ლაიფციგში (1925–27). მ. მუშაობდა თსუ-ში ნ. მუსხელიშვილის ასისტენტად (1927-იდან); მომდევნო წლებში (1927–33) კითხულობდა ლექციებს ამიერკავკასიის პოლიტექ. ინ-ტში; იყო თბილ. ენერგეტიკის ინ-ტის მათ. და მექან. კათედრის გამგე; აქტიურად მონაწილეობდა თსუ-სთან მათემატიკის ინ-ტის დაარსებაში. 1934–81 მუშაობდა მოსკოვში ვ. სტეკლოვის სახ. მათემატიკის ინ-ტში; 1949–51 იყო მოსკ, კავშირგაბმულობის ინ-ტში მათმატიკის კათედრის გამგე; 1953-იდან სიცოცხლის ბოლომდე კი – კვლავ მათემატიკის ინ-ტის გამოყენებითი გამოთვლების განყ-ბის გამგე.

მ-ს ძირითადი სამეცნ. შედეგები მიღებული აქვს რიცხვთა ადიტიურ თეორიასა და გამოყენებით მათემატიკაში; გადაჭრა ჰილბერტ-კამკეს პრობლემა (1953); ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა. დაჯილდოებულია ლენინის (1973 და 1975) ორდენით და სხვა სახელმწ. ჯილდოებით. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არის მისი სახელობის ქუჩა.

თხზ.: Об одной задаче аддитивной теории чисел, «Изв. АН СССР. Сер. математическая», 1940, т. 4, №2; О некоторых нелинейных системах уравнений в целых числах, «Математический сборник», 1953, т. 33 (15), в. 3.