ალ-მასუდი აბუ ლ-ჰასან ალი იბნ ალ-ჰუსაინ (დაახლ. 896, ბაღდადი, – 956, ფუსტატი, ეგვიპტე), არაბი ისტორიკოსი, გეოგრაფი, მწერალი და მოგზაური. მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი პირველი ავტორი არაბულ ისტორიოგრაფიაში. მან აღწერა მსოფლიო ისტორიის უმნიშვნელოვანესი ამბები, რისთვისაც „არაბი ჰეროდოტე“ უწოდეს. 915–945 იმოგზაურა ინდოეთში, ირანში, ცეილონში, ჩრდ. აფრიკაში, კავკასიაში. მისი 20-ზე მეტი ნაშრომი მოიცავს ფილოსოფიის, ისტორიის, მუსლ. ღვთისმეტყველებისა და სამართლის საკითხებს. ჩვენამდე მოაღწია ორმა ნაშრომმა, რ-თაგან უმნიშვნელოვანესია „ოქროს სამრეცხაოები და მარგალიტთა საბადოები“ („მურუჯ აზ-ზაჰაბ ვა მაადინ ალ-ჯავახირ“, 943). მასში არის საინტერესო ცნობები კავკასიის, მ. შ. საქართველოს, კერძოდ, წანართა ქვეყნის შესახებ. მისი ცნობით, წანართა ქვეყანა მდებარეობს ქართლსა და ალანთა ციხეს შორის. ასევე მოცემულია ცნობები X ს. თბილისის ეკონ. მდგომარეობის, მისი მოსახლეობის, ყოფისა და ქალაქის გარეგანი სახის შესახებ. ალ-მ-ის ცნობით, ქართველები სახალიფოს ხარკს უკვე აღარ უხდიდნენ და თბილ. საამიროს ტერიტორიას ქრისტიანებმა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოაჭრეს.
ლიტ.: კაციტაძე დ., X საუკუნის სპარსული და არაბული წყაროების ცნობები აღმოსავლეთ ამიერკავკასიის შესახებ, „თსუ შრომები“, 1983, ტ. 241, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია; Mикульский Д. В., Арабский Геродоm, M., 1998; Сборник материалов для описания месmностей и племен Кавказа, в. 38, Tфл., 1908.
გ. ჯაფარიძე