მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, ჯილდო, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიის პოპულარიზაცია, პედაგოგების პრესტიჟის ზრდა, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა და საზოგადოებისათვის მათი წარდგენა. მ. ე. ჯ. დაწესდა 2017 წ. 13 მაისს განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნ. სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფ. განვითარების ეროვნ. ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.

მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმებია: მოსწავლეთა სწავლის შედეგების დინამიკა; სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება; ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება; საზ. აღიარება და სამოქალაქო აქტივობა; პროფ. განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს წარმართავს საზ. საწყისებზე დაფუძნებული ჟიური, რ-იც დადგენილი წესით აფასებს თითოეული მასწავლებლის აპლიკაციას, რის შედეგადაც დგება რეიტინგი.

ეროვნ. ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს. ამ დღეს საზეიმოდ ცხადდება კონკურსის გამარჯვებული, რ-საც ჯილდოს სახით გადაეცემა სპეც. პრიზი და 10 000 ლარი.

მ. ე. ჯ-ის მფლობელები არიან სოფ. ჩიბათის (ლანჩხუთის მუნიციპ.) საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვ. აფხაზავა (2017), ბაღდათის (ბაღდათის მუნიციპ.) საჯარო სკოლის ინგლ. ენის მასწავლებელი მ. კაპეტივაძე (2018), მარნეულის მუნიციპ-ის საჯარო სკოლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი გ. ჭაუჭიძე (2019), აფხაზეთის მე-10 სკოლის (ჩხოროწყუს მუნიციპ.) ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებელი ს. გოგოხია (2020), წმ. გიორგის სახ. საერთაშ. სკოლის (თბილისი) მათემატიკის მასწავლებელი ხ. რაზმაძე (2021).

ი. ხანთაძე