მატათა (გ. 63)

მატათა მოციქული. წმინდა ნიკოლოზის
ეკლესია. მოზაიკა. ბათუმი.

მატათა (გ. 63), ქრისტეს მოციქული, რომელიც იუდა ისკარიოტელის ნაცვლად აირჩიეს. მ-ს შესახებ ცნობები გვხვდება აპოკრიფულ „მატათას სახარებასა“ და „ანდრიასა და მატათას მოღვაწეობაში“. მ-ს შესახებ ცნობებს გვაწვდის ევსევი კესარიელი. მ. ანდრია პირველწოდებულის მუდმივი მეგზური იყო, ამიტომაც მისი ცხოვრების ეპიზოდები წმ. ანდრიას ცხოვრების აღწერებშია შესული. ეპიფანე კონსტანტინეპოლელის (VIII ს.) მიხედვით მ-მ იქადაგა ამასიაში, ტრაპეზუნდში, ლაზიკაში, ივერიაში, პართიასა და იერუსალიმში. მას უქადაგია სვანეთშიც, კოდორის ხეობის ზემოწელში. ამასვე იმეორებენ ნიკიტა პაფლაგონელი და სიმონ მეტაფრასტი. IV ს. წმ. მამის, ეპიფანე კვიპრელის, ცნობის თანახმად მ. საქართველოშია დაკრძალული: „მატათამ იქადაგა სახარება მეორე ეთიოპიაში (კოლხეთში), სადაც არის აფსარის ციხესიმაგრე და ჰUისის ნავსადგური… იქვე გარდაიცვალა და დამარხულია დღემდე“. ამ ცნობაზე დაყრდნობით ქართვ. მკვლევრები მ-ის დაკრძალვის ადგილად მიიჩნევენ ბათუმის მახლობლად მდებარე გონიოს ციხის ტერიტორიას, რ-იც უცხოურ წყაროებში აფსარის სახელწოდებითაა ცნობილი. მოციქულის ცხოვრების ბერძნული წყარო მის განსასვენებელ ადგილად იერუსალიმის მახლობლად არსებულ „ვეფლასკალად“ წოდებულ ადგილს მიიჩნევს, სადაც იგი წამებით მოკლეს და იქვე დაკრძალეს. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, IV ს-ში მ-ს ნეშტი ელენე დედოფალმა რომში, სანტა მაჯორეს ეკლესიაში წაასვენა, შემდეგ კი ეს სიწმინდე ტრირის ეპისკოპოს აგრიციუსს უბოძა. ამ გადმოცემის საფუძველზე გერმანელ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ მ. ერთადერთი მოციქულია, რ-იც გერმანიაში განისვენებს. ტრირში მისი ხსენების დღედ დადგენილია 24 თებ., კათოლიკურ და ანგლიკანურ ეკლესიებში – 14 მაისი, მართლმადიდებელ ეკლესიაში – 30 ივნისი (13 ივლ.) და 9(22) აგვისტო.

ლიტ.: ბუბულაშვილი ე., საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები, თბ., 2007; მიტრ. ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1996.

ზ. ეკალაძე.