მატანი

მატანი, სოფელი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. მატნისხევის (მდ. ალაზნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 580, სათავო სოფელი. ახმეტიდან 5 კმ. 4451 მცხ. (2014).

სოფლის შემოგარენი V–VI სს-იდან ყოფილა დასახლებული. სავარაუდოდ, სახელწოდება სოფელს ერწო-თიანეთიდან კახეთში მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის დროს უნდა შერქმეოდა. თავად ერწოში ტოპონიმი „მატანი“ XII–XIII სს-შია დადასტურებული. ქართ. საისტ. წყაროებში მ. პირველად XVI ს-ში ლევან კახთა მეფის დროს (1518/20–1574) იხსენიება. XVI–XVIII სს-ში მ. კახეთის თავადებს, ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ. 1789 სოფელში დაბანაკებულმა დავით ბატონიშვილმა 100 კაცით სასტიკად დაამარცხა ლეკთა 500-კაციანი რაზმი და ნაძარცვი დაატოვებინა. 1812 აჯანყების დროს მატნელებმა და ახმეტელებმა დაამარცხეს მ-ში მდგარი რუსების სამხედრო ნაწილი. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.

სოფელსა და მის მიდამოებში სხვადასხვა დროის არქეოლ. და არქიტ. ძეგლებია. მათგან საყურადღებოა იახსრის სამაროვანი (V–VII სს.), გაითხარა 1966. სამაროვანზე აღმოჩნდა კირქვისა და ქვიშაქვის ფილებით ნაგები ქვის სამარხები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები. მათი უმრავლესობა ინდივიდუალურია, არის საოჯახოც. დაკრძალვის წესი უმეტესად ქრისტიანულია. გამოვლენილი 26 სამარხიდან მხოლოდ შვიდში აღმოჩნდა ინვენტარი. იახსრის სამაროვანსა და სოფელს შორის, მთის ძირში გაითხარა მარანი (მლაშების გორის მარანი), სადაც აღმოჩნდა გეომ. სახეებით შემკული მოჭიქული ჭურჭელი, სამზარეულოს კერამიკის ნიმუშები, ქვევრები, თონე, აგრეთვე მინის სამაჯურებისა და სასმისების ნატეხები, ორი მონღოლური მონეტა. 1966–67 იახსრის გორის ფერდობზე გაითხარა მარანი (XVI–XVII სს.), რ-იც შედგებოდა ორი სათავსისა და დერეფნისგან. ერთ-ერთი სათავსის საძირკველში აღმოჩნდა განძი. მარნის გარშემო შემორჩენილი იყო საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები.

სოფლის ჩრდ.-დას-ით, ე. წ. სასახლის გორაზე 1967–69 გაითხარა ნამოსახლარი. გამოვლინდა სასახლის, საჯინიბოსა და გალავნის ნაშთები. აქვეა გვიანდ. შუა საუკუნეების ეკლესიის ნანგრევი, რ-ის კედლებზე „ხალხური მხატვრობის“ ფრაგმენტებია შემორჩენილი. 1979 სასახლის გორის ძირში აღმოჩნდა ადრინდ. შუა საუკუნეების სამაროვანი.

სოფლის ჩრდ.-დას. დგას წმ. ნიკოლოზის გუმბათოვანი ეკლესია (XVI ს.), ჩრდ.-აღმ. ნაწილში, ილიქეთის უბანში – წმ. ბარბარეს ეკლესია (გვიანდ. შუა საუკუნეები), ცენტრ. ნაწილში კი – ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (XIX ს.). მ-ში არის ღვთისმშობლის მეორე ეკლესიაც; სოფლის ჩრდ-ით მდებარეობს ციხე-დარბაზი, რ-იც XVIII ს. შუა წლებში აუგიათ ჩოლოყაშვილებს. ციხის შუა ნაწილში დგას იმავე ხანის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია, სოფლის ჩრდ.-დას-ით 500 -ზე – ჟამთა (ჯანთა) საყდარი (განვით. შუა საუკუნეები). ახლანდ. ეკლესია, სავარაუდოდ, აგებულია VIII–IX სს. დანგრეული ეკლესიის ადგილზე. 1967–69 ეკლესიის სამხრ. და დას. მინაშენში და გარედან, სამხრ. მინაშენის გაყოლებით გაითხარა მრავალფენიანი სამაროვანი, რ-ის I ფენა შეიცავდა შირიმის ფილებით ნაგებ IX–X სს. სამარხებს. II ფენაში აღმოჩნდა XI–XIII სს. ქვაყუთები. III ფენას ქმნიდა XIV–XVII სს. უინვენტარო სამარხები. სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, კურტანაძეულის ხევის პირას მდებარეობს სამების დარბაზული ეკლესია, ამავე მხარესაა ე. წ. მერებაანთ საყდარი, ოდნავ მოშორებით კი – მთავარანგელოზთა ეკლესია (სამივე – გვიანდ. შუა საუკუნეები). სოფლის დას-ით, 3–4 კმ-ზე, მთაში მდებარეობს ცხრაკარას მონასტერი (იხ. მატნის ცხრაკარას მონასტერი). 2012 სოფლის მახლობლად აღმოაჩინეს ციკლოპური ნაგებობების ნაშთები.

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994; ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962; თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, ლ. მიქიაშვილის გამოც., თბ., 1983; რამიშვილი რ., იახსრის ნამოსახლარი და მლაშეების გორის მარანი. კრ.: ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, [ტ.] 2, თბ., 1974; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ]. 2, თბ., 2008; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1983; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 4–5, თბ., 1972–74; Дедабришвили Ш. Ш., Памятники эпохи ранней и средней бронзы, Труды Кахетской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969; მისივე, Работы второго отряда Кахетской археологической экспедиции, კრ.: Археологические открытия 1970 года, М., 1971; Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Работы в окрестностях села Матани, იქვე, Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

თ. დვალი.