„მატიანე ქართლისა“

„მატიანე ქართლისა“, XI ს-ის ქართველი ანონიმური ავტორის თხზულება, რ-შიც გადმოცემულია VIII–XI სს. საქართველოს ისტორია. შესულია „ქართლის ცხოვრებაში“. „მ. ქ.“ პირობით უწოდა ივ. ჯავახიშვილმა. თხზულება დაწერილი უნდა იყოს 1072–73. შედგება 2 მთავარი ნაწილისაგან (საქართვ. ისტორია VIII ს. დასასრულიდან X ს. დასასრულამდე, ბაგრატ III-ის გამეფებამდე და ერთიანი საქართვ. ისტორია გიორგი II-ის მეფობის პირველი წლების ჩათვლით, 1072 წლამდე). პირველი ნაწილი ძალიან მოკლეა, მეორე – შედარებით ვრცელი. ავტორის კონცეფციის თანახმად, VIII ს. საქართველო ერთიანი ქვეყანა იყო. მას სათავეში ედგა მეფე არჩილი, რ-ის სიკვდილის შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა ვერ შეინარჩუნეს ერთიანობა და ქვეყანა დაიშალა...

ნაწარმოების მთავარი იდეაა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის და გარეშე მტრის წინააღმდეგ. ავტორი იყენებს ქართ. და უცხ. წყაროებს. იგი კარგად იცნობდა საქართვ. მეზობელი ქვეყნების ისტორიას, მათ ზრახვებს საქართვ. მიმართ და თანამედროვე მახლობელ აღმოსავლეთში საერთაშ. ვითარებას. ნაწარმოები გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, დაწერილია სადა ენით, დახვეწილი სტილით; ცნობები ძირითადად სანდოა. ავტორი ცდილობს ისტ. მოვლენები მათი მიზეზ-შედეგობრივი თანამიმდევრობით ახსნას; დათარიღება მოცემულია ქართ. ქორონიკონით. თხზ. თარგმნილია ძვ. სომხურ (XII ს.), ფრანგულ, რუსულ ენებზე.

პუბლ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1953; Матиане Картлиса пер., введение и примеч. М. Д. Лорткипанидзе, Тб., 1976; Brosset M., Histoire de la Géorgie depuis l’antiquité jusqu’ au XIXe siecle, v. 1, St.-Pb., 1849.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული სისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.),, თბ., 1977 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8).

მ. ლორთქიფანიძე