მაქსიმე II (აბაშიძე) (გ. 30. V. 1795, კიევი), აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოს-პატრიარქი 1776–95, ქუთათელი ეპისკოპოსი მიტროპოლიტის ხარისხით 1759–81. იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ, ზოგიერთს უკანვე გამოასყიდვინა ოსმალთათვის მიყიდული ქართველები. 1777 გურიისა და ოდიშის მთავრებს დააბრუნებინა მითვისებული საეკლ. მამულები, აღადგინა საეპისკოპოსოები, აღკვეთა საკათოლიკოსო მამულების გაცემა მეფის მოურავებსა და მოხელეებზე. 1781 სოლომონ I-თან უთანხმოების გამო მ. II აღმ. საქართველოში გადავიდა, სადაც გარკვეული პერიოდი გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში ცხოვრობდა. 1784, მეფის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთში დაბრუნდა.
მ. II მონაწილეობას იღებდა იმერეთის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაშიც. ჯერ კიდევ 1768–69 სოლომონ I-მა ელჩად გააგზავნა რუსეთის საიმპერატორო კარზე ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად, ხოლო 1784–86 დავით II-ის ელჩი იყო რუსეთში (ზ. წერეთელთან და დ. კვინიხიძესთან ერთად), რის შემდეგაც მ. II ასტრახანში დარჩა საცხოვრებლად. დაახლ. 1792 შემდეგ კიევს გაემგზავრა და იქვე გარდაიცვალა. დაკრძალულია კიევ-პეჩორის ლავრაში.
ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1954, ნაკვ. 31; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები., რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), ტ. 1, თბ., 1973.
ბ. ლომინაძე