მაქსიმოვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (21. III. 1880, მოსკოვი, – 9. V. 1952, იქვე), ბიოლოგი, ბოტანიკოსი, მცენარეთა ეკოლ. ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სსრკ მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი (1946). თბილ. ბოტანიკური ბაღის ფიზიოლ. ლაბორატორიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი (1914–19). დაამთავრა პეტერბურგის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1902). მუშაობდა ლაიფციგის უნ-ტში. შემდეგ რუსეთში იყო ყუბანის უნ-ტის მცენარეთა ფიზიოლ. და ანატომიის კათედრის გამგე (1919–21), პეტროგრადის ბოტან. ბაღის ექსპერ. მორფოლოგიისა და ეკოლოგიის ლაბორ. ორგანიზატორი და ხელმძღვანელი (1921–27). 1933–52 ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას რუსეთში. სწავლობდა მცენარეთა ყინვა და გვალვაგამძლეობის საკითხებს. ნაშრომისათვის „მცენარეთა გვალვაგამძლეობის ფიზიოლოგიური საფუძვლები“ მიენიჭა ლენინური პრემია (1930).