მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი

მამაღალაანთ
ეკლესია. XII ს-ის დასასრული.

მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი, XII ს. დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, სოფ. წინარეხიდან სამიოდე კმ-ში, მდ. კავთურის მარცხ. ნაპირზე, მთის კალთაზე. კომპლექსში შედის მაღალაანთ ეკლესია (ბეთლემის ღვთისმშობელი), სოლომონ მაღალაძის სამრეკლო, პაპუა მაღალაძის სამრეკლო-საძვალე და კოშკი (ზემო კოშკი), აფთიაქი და გალავანი. გალავნის გარეთ შემორჩენილია კოშკისა და ნაგებობათა ნანგრევები.

კომპლექსის სახელწოდება დაკავშირებულია XV ს-იდან დაწინაურებული ფეოდალების, მაღალაშვილების გვართან.

წერილობითი ცნობები ეკლესიის აგების შესახებ არ არსებობს. შემორჩენილი წარწერები გვიანდელია. ეკლესია დარბაზულია (12,2×10,6 მ), დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე და ნაგებია მოყვითალო ფერის ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით. შესასვლელი აქვს სამხრ. მინაშენიდან, რ-იც ეკლესიას მთელ სიგრძეზე გაუყვება. მის აღმ. ნაწილში აფსიდიანი ეგვტერია, დას. ნაწილში კი – კარიბჭე. იგი მინაშენის დანარჩენი ნაწილის მიმართ რამდენადმე შემაღლებულია და ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესიის შიგა სივრცე ვრცელია, გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმ-ით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, გვერდებში კი – ნიშები. ეკლესიას კიდევ სამი სარკმელი აქვს: ერთი – დას-ით, ორი – სამხრ-ით. აღმ. ფასადზე, ფრონტონის წვერში, პატარა მრგვალი სარკმელია. იგი აფსიდის ზემოთ მოწყობილ სივრცეს ანათებს. ეკლესიისა და მინაშენის ინტერიერი მოხატული ყოფილა. მისი ორი ფენიდან პირველი ეკლესიის თანადროულია. ცალკეული ფრაგმენტები შემორჩენილია ეკლესიის საკურთხეველში, გრძივ კედლებსა და ეგვტერის ჩრდ. კედელზე. მოხატულობის მეორე ფენა შემორჩენილია კანკელზე, ეკლესიის ჩრდ. კედლის დას. ნაწილში, დარბაზის შესასვლელის თავსა და წირთხლებზე, ეგვტერის შესასვლელის ზემოთ. კანკელზე შემორჩენილ ფენაში გამოსახულია ნიკოლოზ მაღალაძის დედა – ელენე. ნახატის ბერძნ. წარწერის მიხედვით, მოხატულობა შესრულებულია ელენეს გარდაცვალების (1681) შემდეგ. წარწერაში მოხსენიებულია მხატვარი აპოსტოლე. მოხატულობის მეორე ფენა ხასიათდება მუქი კოლორიტით, უმთავრესად გამოყენებულია ლურჯი, მონაცრისფრო-ცისფერი, მოწითალო-ყავისფერი და მღვრიე ნაცრისფერი.

ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა მორთული. საერთო დეკორ. ეფექტისათვის ორი ფერის ქვაა გამოყენებული – ძირითადად მოყვითალო, ხოლო შენობის ირგვლივ შემოყოლებული მოჩუქურთმებული ფრიზისათვის – ღია მწვანე. აღმ. ფასადის შუა ნაწილში დეკორ. სამთაღედია, რ-ის შუა თაღში მოჩუქურთმებულსაპირიანი საკურთხევლის სარკმელია ჩასმული (მსგავსადაა გაფორმებული ეკლესიის დანარჩენი სარკმლები და მინაშენის აღმ. სარკმელი). სამთაღედის ზემოთ, ფრონტონის ძირის დონეზე, ჩუქურთმით შემკული ჰორიზ. ფრიზია. ფრონტონის კეხქვეშ ოთხი დიდი ფოთლით მორთული მრგვალი სარკმელია. დას. ფასადის სამთაღედი აღმ. ფასადის სამთაღედთან შედარებით გაცილებით მაღალია და ფრონტონის არეშია შეჭრილი. აღმ. ფასადის მსგავსად, შუა თაღში მოთავსებული სარკმლის ზემოთ ორნამენტული ჯვარია, რ-ის ქვედა მკლავის გვერდებზე თითო ფრინველია გამოსახული. მდიდრულადაა გაფორმებული მინაშენის ფასადი. კარიბჭის ფართო, თაღოვანი შესასვლელის ორივე მხარეს თითო პატარა დეკორ. თაღია. თავად შესასვლელს მოჩუქურთმებული საპირე ევლება, კარიბჭის ფრონტონში კი მაღალი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ნაგებობის კედლები დასრულებულია ჩუქურთმით შემკული მაღალი ლავგარდნით.

ეკლესიის სამხრ-ით დგას სამრეკლო, რ-ის ქვედა სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს. სამრეკლო, სამხრ. ფასადზე მოთავსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1716 სოლომონ მაღალაძის მიერ. სამრეკლოს მეორე სართულზე ერთი ოთახია, მესამე სართულიდან კი ფანჩატურის წრიული საფუძველიღაა დარჩენილი.

გალავნის შიგნით მდგარი XVI–XVII სს. სამრეკლო პაპუა მაღალაძეს საძვალედ (გ. 1681) გადაუკეთებია. პირველ სართულზე შემორჩენილია XVII ს. II ნახ-ის მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. შესასვლელის თავზე მაღალაძეთა ჯგუფური პორტრეტია (იკითხება სახელები: ადამ, ზურაბ, მამუკა, პაატა, რევაზ, ნიკოლოზ, გიორგი). სამრეკლო თავისი სტრუქტურით არსებითად განსხვავდება საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი ტიპის სამრეკლოებისგან – მას არა აქვს ზარების განსათავსებელი ფანჩატური.

კომპლექსს გადმოჰყურებს ოთხსართულიანი ოთხკუთხა კოშკი (ზემო კოშკი). ჩრდ.-აღმ. ფასადზე არსებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, რომ იგი 1679 აუგია პაპუა მაღალაძეს. ამავე კოშკის სამხრ.-დას-ით ნატეხი ქვით ნაშენი აფთიაქია. მისგან თავდაპირველ სიმაღლეზე მხოლოდ დას. კედელია შემორჩენილი. შიგნითა კედლები დანაწევრებულია პატარა თახჩებით. ყველა კედელი, გარდა აღმ-ისა, გარედან მიწითაა დაფარული. გალავნის შიგნით, შესასვლელთან, სწორკუთხა აუზია.

ლიტ.: ბერიძე ვ., მაღალაანთ ეკლესია, „ქართული ხელოვნება“, 1959, ტ. 5; მისივე, წინარეხელ მაღალაძეთა მშენებლობა XVI–XVIII [XVII–XVIII] სს., „ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმის მოამბე“, 1947, ტ. 14; მელიქსეთ-ბეგი ლ., არქეოლოგიური მოგზაურობიდან კავთურის ხეობაში 1923 წელს; „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1925, ტ. 5; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 5, თბ., 1990; ყაუხჩიშვილი თ., ბერძნული წარწერები საქართველოში, თბ., 1951; Девдариани Ф., Иллюстрации мастера Саба в Анчисхатском Гулани и связи их с группой памятников монументальной и миниатюрной живописи второй половины XVII века, „მაცნე. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია“, 1978, № 4.

თ. დვალი