მაღალაშვილი თენგიზ გიორგის ძე (1. VIII. 1927, თბილისი, – 22. I. 1985, იქვე), თეატრისა და კინოს რეჟისორი. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1981). 1954 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1956 იყო ქუთაისის თეატრის დამდგმელი, ხოლო შემდეგ მთ. რეჟისორი. დადგა შემდეგი სპექტაკლები: ქუთაისის თეატრში – ე. ზოლას „რაბურდენის მემკვიდრენი“ და პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ (1957, პირველად ქართულ სცენაზე), ლ. სანიკიძის „გაიუს კრაკხი“; თელავის თეატრში (1958-იდან მთ. რეჟისორი) – ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“ და ი. მჭედლიშვილის „პირველი ყეენობა“; რუსთაველის თეატრში – ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ (ნ. ხატისკაცის ინსცენირებით; 1964). სპექტაკლში გამოყენებული იყო იმ დროისათვის უჩვეულო პირობითი გამომსახველობითი ხერხები, როგორც რეჟისორულ და მხატვრულ, ასევე სამსახიობო ტექნიკაში. 1965-იდან სიცოცხლის ბოლომდე თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის მთ. რეჟისორი იყო. ამ თეატრის სცენაზე დადგა გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, ფ. შილერის „ორლეანელი ქალწული“, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“, ე. შვარცის „წითელქუდა“, ვ. იაქაშვილის „ციხის ხევის საიდუმლო“ და სხვა. ავტორია ამავე თეატრში მის მიერ დადგმული პიესებისა: „სად ხარ, სოფიკო?“, „გოგო და ბიჭი“, „შვილები“ და ლიტ. კომპოზიციისა (ვ. დევდარიანის თანაავტორობით) – „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე“.
მ. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი რეჟისურით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ცეცილი და სიყვარული“ (1959); მხატვრული ფილმები: „ძნელი დასაწყისი“ (1982), „არსენას ლექსი“ (ნ. ხატისკაცთან ერთად 1985). მონაწილეობდა ფილმებში: „ფერისცვალება“ (1968), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978; ორივეს რეჟ. ლ. ღოღობერიძე), „იყო შაშვი მგალობელი“ (1970; რეჟ. ო. იოსელიანი) და სხვ.