მაღალაშვილი რევაზ რევაზის ძე (26. I. 1928, თბილისი, – 3. IX. 1995, იქვე), ბალეტის მოცეკვავე, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1985), დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია (პედ.: დ. ჯავრიშვილი, ვ. ლიტვინენკო, ს. სოლოგოვი). 1945–68 იყო ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი, 1968–74 საბალეტო დასის პედაგოგ-რეპეტიტორი. 1974-იდან მოსკოვის დიდ თეატრთან არსებული ქორეოგრ. სასწავლებლის პედაგოგი (უძღვებოდა უცხოელ მსახიობთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსს). აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული პარტიები: ჯარჯი (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“), დავრიში (გ. კილაძის „სინათლე“), მამია (დ. თორაძის „გორდა“), ოტელო (ა. მაჭავარიანის „ოტელო“), ზიგფრიდი (პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბა“) და სხვ. 1955 გადაიღეს ფილმ-ბალეტში „ქართული ბალეტის ოსტატები“, 1979 კი – „მედეაში“. 1957 მონაწილეობდა ბერლინის მსოფლიო საბალეტო ხელოვნების ფესტივალში.
ლიტ.: ნადარეიშვილი ლ., ქართული ბალეტი, თბ., 2010.