მაღალაშვილი ქეთევან (ქეთო) კონსტანტინეს ასული [7(19). IV. 1894, ქუთაისი, – 30. V. 1973, თბილისი], ფერმწერი (პორტრეტისტი). საქართვ. სახ. მხატვარი (1961). 1911–15 სწავლობდა თბილისში, ნატიფ ხელოვნებათა წამახალისებელ კავკ. საზ-ბის სკოლაში (პედაგოგები: მ. თოიძე, ი. ნიკოლაძე, რ. შმერლინგი, ე. თათევოსიანი), 1915–17 – მოსკ. ფერწერის, ძერწვისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში; 1923–26 – ფ. კოლაროსის „თავისუფალ აკადემიაში“ (პარიზი). მ-ის მხატვრული შეხედულებების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია პარიზში ცხოვრებისა და სწავლის წლებმა. 1926 მხატვარი სამშობლოში დაბრუნდა. 1937-მდე თბილისში მუშაობდა მხატვარ-რესტავრატორად საქართვ. სურათების ეროვნ. გალერეაში, სადაც მუშაობა ჯერ კიდევ პარიზში წასვლამდე (1921) დაიწყო. ასრულებდა მინიატიურების, ფრესკებისა და მოზაიკის პირებს. მ-ის ადრეული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია მხატვრების – ე. ახვლედიანისა და დ. შევარდნაძის (ორივე, 1921), პროფ. ა. მაჭავარიანის (1922), მოქანდაკე ი. ნიკოლაძის პორტრეტები, რ-ებსაც (განსაკუთრებით ამ უკანასკნელს) წილად ხვდა დიდი წარმატება. მხატვრის საუკეთესო ნაწარმოებებს მიეკუთვნება პარიზში შესრულებული ე. ახვლედიანის (1924) და პიანისტ ი. ორბელიანის (1925) პორტრეტები. მ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ღრმა ფსიქოლოგიზმი, მკვეთრი ინდივიდუალობა, თავშეკავებული პალიტრა. XX ს. 20–30-იან წლებში საქართველოში პორტრეტის ხელოვნებამ მაღალ დონეს მიაღწია, რაც, ძირითადად, მისი დამსახურება იყო. 1940–60 მ. ქმნის ქართვ. მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტ-რის მოღვაწეთა პორტრეტების ფართო გალერეას.
50–60-იან წლებში მ-ის შემოქმედების ძირითადი თემა ნატიურმორტი ხდება. პეიზაჟი მ-ის შემოქმედებაში ყველაზე გვიან შემოდის. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1921-იდან. პერსონალური გამოფენები ჰქონდა თბილისში (1961, 1973), ბათუმში (1962), მოსკოვში (1973); მონაწილეობდა ქართ. მხატვართა საზ-ბის (თბილისი, 1926), ქართ. ხელოვნების (გერმანია, 1930), საბჭ. საქართველოს თანამედროვე ხელოვნების (ხარკოვი, 1940), საკავშ. სამხატვრო (1953), შოთა რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილ რესპუბლიკურ (1966), ქართ. სახვითი ხელოვნების (დრეზდენი, 1969) და სხვ. გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ., ი. გრიშაშვილის სახ. თბილ. ისტ. (ქარვასლა), საქართვ. გ. ლეონიძის სახ. ლიტ-რის, საქართვ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწ., აღმოსავლეთის ხელოვნების სახელმწ. (მოსკოვი) მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. 1978 თბილ. ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: მირცხულავა ნ., ქეთევან მაღალაშვილი (ფერწერა, გრაფიკა), თბ., 2015; Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии, М., 1975; Вирсаладзе Т., Кето Магалашвили, Тб., 1958.
თ. გერსამია