მაღალი ბანი, ევროპულ მუსიკაში ეწოდება ბას-კანტანტე (basso cantante). მ. ბ-ის დიაპაზონია დიდი ოქტავის ფადან I ოქტავის ფამდე (ზოგჯერ I ოქტავის ლა ბემოლამდეც კი). ქართ. სიმღერა-გალობაში თავდაპირველად ბანი იმდენად გარკვეული ხმის სახელი არ იყო, რამდენადაც ზოგადად შებანების და ხმათა შეწყობას გამოხატავდა. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“, ანუ ბანი არის ხმის შეწყობა. მოგვიანებით ბანი ერთ-ერთი ხმის სახელწოდებად იქცა. ქართულ ხალხურ სიმღერაში არსებობს მაღალი და დაბალი ბანი. მ. ბ-ს მოძახილი (მომძახელნი), დაბალ ხმას კი ბანი (დაბალი ბანი, მებანე) ეწოდება. ამის მაგალითია სიმღერა „თებრონე მიდის წყალზედა“, რ-შიც ყველაზე საყურადღებოა 1-ელი ხმა. იგი ზედმიწევნით იმეორებს ბანის ნამღერს, მაგრამ ოქტავით მაღლა. ცხადია, ამ შემთხვევაში 1-ლი წვრილი ხმა იგივე ბანია, ოღონდ დაბალი ხმისაგან გამოსარჩევად მ. ბ. ეწოდა.
ლიტ.: ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ფორმები, თბ., 2009; ჩხიკვაძე გრ., ქართული ხალხური მუსიკა, თბ., 1965.