მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი, ახლანდ. თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. შეიქმნა 1980 თსუ-თან არსებული მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზ. პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე. ინ-ტის კვლევები ეხება ელემენტარული ნაწილაკებისა და ატომბირთვების ურთიერთქმედების შესწავლას, როდესაც მათი დაჯახების ენერგია ბევრად აღემატება თვით ურთიერთქმედი ნაწილაკების (ატომბირთვების) მასებს.
მ. ე. ფ. ი-ის დირექტორები იყვნენ: ნ. ამაღლობელი (1980–96) და ა. თავხელიძე (1996–2004), 2004-იდან – მ. ნიორაძე. 1980-იან წლებში ინ-ტმა დაამყარა სამეცნ. კონტაქტები დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინ-ტთან და სერპუხოვოს მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტთან (ორივე რფ); საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი – იულიხის კვლევით (გერმანია) და ბირთვული კვლევების ევროპულ (შვეიცარია) ცენტრებთან, სადაც წარმატებით მუშაობენ მ. ე. ფ. ი-იდან მივლინებული თანამშრომლები; მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ ცენტრების ექსპერიმენტებში (ANKE, ATLAS, GMS), ასევე ჰადრონული ფიზ. და ველის კვანტური თეორიის დარგში იკვლევენ პროცესებს, რ-ებიც შესაძლებელია არ აღიწერებოდეს ელემენტარული ნაწილაკების სტანდარტული მოდელით.
მ. ე. ფ. ი-ის თანამშრომლებს მიღებული აქვთ არაერთი სახელმწ. ჯილდო და პრემია, კერძოდ, თ. კოპალეიშვილს მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია ნაშრომთა ციკლისათვის ,,მსუბუქი ბირთვების გახლეჩის შესწავლა მაღალი ენერგიების გამა სხივებით'' (1977); ნ. ამაღლობელს, ვ. კეკელიძეს, გ. ნიქობაძეს და ვ. ჯორჯაძეს – საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნ. დარგში ახალი ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისა და გამოკვლევებისადმი მიძღვნილ შრომათა ციკლისათვის (1985); სხვადასხვა დროს ინ-ტის თანამშრომლებს მიღებული აქვთ პ. მელიქიშვილის, ნ. მუსხელიშვილის, ი. ვეკუას და ეროვნ. პრემიები.
მ. ე. ფ. ი-ის შემადგენლობაშია ელემენტარული ნაწილაკების რეგისტრაციისა და ექსპერ. ინფორმაციის მოდელური ანალიზის სასწ.-სამეცნ. ლაბორატორიები; ექსპერ. ფიზ. და თეორ ფიზ. განყ-ბები.