მაღლაკელიძე მზია ბენედიქტეს ასული (დ. 29. V. 1936, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1981). 1962 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრის ქართულ დასში, სადაც შეასრულა შემდეგი როლები: ლელა (დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“), ქალიშვილი (ნ. ჰიქმეთის „დამოკლეს მახვილი“), ქრისტინა (მ. სერვანტესის „სალამანდრის გამოქვაბული“), ხატია (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), ნინო (გ. აბაშიძის „მოგზაურობა სამ დროში“). 1964-იდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მერი უორენი (ა. მილერის „სეილემის პროცესი“), სოფლელი გოგონა, მოტირალი, წერო (ს.-ს. ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“), ძიძა (ჟ. ანუის „მედეა“), ლუბა ნოდია, ნუნუ ექიმი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“, „საბრალდებო დასკვნა“), გულთამზე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე“), დედაკაცი (იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“), ბერნარდა, სიდედრი (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, „სისხლიანი ქორწილი“), ჟუჟუნა და ანიკო (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე) და სხვ. გადაღებულია ფილმებში: „გოგონა და ჯარისკაცი“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1970); „ვერის უბნის მელოდიები“ (რეჟ. გ. შენგელაია, 1973); „ღამის ცეკვა“ (რეჟ. ა. ცაბაძე, 1991); „ციხესიმაგრე“ (რეჟ. დ. ჯანელიძე, 1993) და სხვ. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მ-ის შესრულებული სოფიოს როლი მ. კოკოჩაშვილის ფილმში „დიდი მწვანე ველი“ (1967).