მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე

მაღლაკელიძე შალვა ნიკოლოზის ძე (2. V. 1894, სოფ. დიხაშხო, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, – 7. XI. 1976, თბილისი), სამხედრო მოღვაწე. ვერმახტის გენერალ-მაიორი (1944). დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია (1905). 1914 სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე, რ-ის დასრულებაში ხელი შეუშალა I მსოფლიო ომის დაწყებამ; მიავლინეს თბილ. იუნკერთა სასწავლებელში ოფიცრის წოდების მისაღებად. 1915-იდან პოდპორუჩიკის წოდებით დაინიშნა ახალციხის 114-ე ქვეით პოლკში. 1917–18 იყო ახალციხის გარნიზონის სამხ. პრეზიდიუმის თავ-რე, სამუსლიმანო საქართვ. სამხ. და სამოქალაქო საქმეებში სრულუფლებიანი წარმომადგენელი, 1918–21 – ქუთ. მაზრის, შემდეგ თბილ. გუბერნიის კომისარი, 1919 – თბილ. გენ.-გუბერნატორი. 1921 წ. 23 თებერვალს დაინიშნა აფხაზეთის გენ.-გუბერნატორად. 25 წლისას მიენიჭა ქართ. არმიის პოლკოვნიკის სამხ. წოდება. საქართვ. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დააპატიმრეს, სასჯელს იხდიდა თავდაპირველად ქუთაისის, შემდეგ კი მეტეხის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ მოახერხა ემიგრაციაში წასვლა. 1924 ოჯახთან ერთად ლატვიაში დასახლდა, შემდეგ ცხოვრობდა ჩეხოსლოვაკიაში. პრაღის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტის დასრულების შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1934 საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ემიგრანტულ ორგანიზაციებს, მ. შ. „თეთრი გიორგის“ (1924–54) და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირს“ (1942). 1938-იდან მსახურობდა გერმ. ჯარში. 1939-იდან იყო გერმანიის ვერმახტის უმაღლ. მთავარსარდლობის სამხ. მრჩეველი, 1942–43 – ბერლინში მოქმედი ქართ. ეროვნ. კომიტეტისა და ქართ. სამოკავშირეო შტაბის წევრი. მეთაურობდა „ქართულ ლეგიონს“, რ-იც გერმ. არმიის შემადგენლობაში შეიქმნა. ქართველ ლეგიონერებთან ერთად ბრძოლით მიაღწია საქართველოს საზღვრამდე. სტალინგრადთან გერმანელთა მარცხის შემდეგ დაბრუნდა გერმანიაში. ომის დასრულების შემდეგ რომში დასახლდა. სამხედრო მრჩევლად მსახურობდა ორგანიზაცია „ხმელთაშუა ზღვის პაქტში“ (1948–50), პაკისტანის მომავალ პრეზიდენტ აიუბ-ხანთან (1950–52), დას. გერმანიის კანცლერ კ. ადენაუერთან (1949–54). 1954 აგვისტოში საბჭ. უშიშროებამ იძულებით გადაიყვანა მოსკოვში, შემდეგ – თბილისში. 1954–62 თბილისში მუშაობდა ადვოკატად, 1962–76 იყო საქართვ. მწერალთა კავშირის გამომცემლობის იურისკონსულტი.

თხზ.: მოგონებები, ვ. რცხილაძის გამოც.,, თბ., 2012.

ლიტ.: გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

ნ. ჯავახიშვილი