მაღრანდვალეთი, ისტორიული მხარე, თემი აღმ. საქართველოში, მდ. ლიახვის სათავეებში. ძირითადად მოიცავდა ახლანდ. ჯავის მუნიციპალიტეტის სოფ. ედისის ტერიტორიას. ცენტრი – ედისა (შუა ფეოდ. ხანა). სახელწოდება მ. პირველად გვხვდება XIV ს-ში („ძეგლი ერისთავთა“). ნაწარმოებია სიტყვა მაღნარიდან (ტყიანი) და მხარის სახელწოდება დვალეთიდან. გვიანდ. შუა საუკუნეებში მ. ქსნის საერისთავოს შემადგენლობაში მოექცა. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, მ. ქსნის ერისთავთა მამული იყო. მ-ის ისტ. ძეგლთაგან აღსანიშნავია ე. წ. ცარციათების ნაქალაქარი სოფ. ედისის მახლობლად, „ზილდი მასიგ“ (უბნის კოშკი), ზურგიანი კოშკები გალუანთასა და ედისაში. მ-ის უძველესი მოსახლეობა ქართ. და დვალური იყო. გვიანდ. შუა საუკუნეებში აქ კომპაქტურად დასახლდნენ ოსი მოახალშენეები (იხ. აგრეთვე სტ. დვალეთი).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: გვრიტიშვილი დ., დვალთა ვინაობისა და ოსთა ჩამოსახლების საკითხისათვის, წგ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XIII–XIV სს.), თბ., 1962; Гамрекели В. Н., Двалы и Двалетия в I–XV вв. н. э., Тб., 1961; Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971.
ჯ. გვასალია