მაყაშვილი აბელ (ბალო) გაბრიელის ძე (6. VI. 1860, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 16. VI. 1920, ბაქო), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916). დაამთავრა ელიზავეტგრადის სამხ. პროგიმნაზია (1877), ყაზანის იუნკერთა სასწავლებელი (1880) და ოფიცრების მსროლელთა სკოლა, 1877-იდან მსახურობდა 164-ე ზაქათალის ქვეით პოლკში. მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს. 1909–14 იყო 185-ე ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის მეთაურის თანაშემწე, შემდეგ – მეთაური. 1914 დაინიშნა გორის 202-ე ქვეითი პოლკის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1914–17 მეთაურობდა მე-16 გრენადერთა მინგრელსკის პოლკს, 1917-იდან – კავკასიის გრენადერთა დივიზიის პირველ ბრიგადას. 1918–19 მსახურობდა ქართულ ჯარში. საქართველო-სომხეთის ომის (1918 დეკ.) დროს იყო ახალციხის მაზრის გენ.-გუბერნატორი და თბილ. სამხ. კომენდანტი, 1919–20 – აზერბაიჯანის ჯარში მე-2 ქვეითი დივიზიის უფროსის თანაშემწე. 1920 დაინიშნა განჯის სამხ. სკოლის უფროსად. საბჭ. ხელისუფლების დამყარების დროს დაიღუპა აზერბაიჯანში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე