მაყაშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (24. VIII. 1896, კონდოლი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 14. II. 1962, თბილისი), ბიოლოგი, ბოტანიკოსი. პროფესორი (1962). დაამთავრა თბილ. II გიმნაზია (1915), სწავლა განაგრძო როსტოვის უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბაზე (1916–18), შემდეგ თსუ-ის აგრონომიულ ფაკ-ტზე (1925). სტუდენტობის წლებშივე მუშაობა დაიწყო იქვე აგრონ. ფაკ-ტის (შემდგომში საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი) ზოგადი მიწათმოქმედების, შემდეგ კი – ბოტანიკის კათედრებზე (1933–52). იყო თბილ. პედ. ინ-ტის ბოტანიკის კათედრის (1953–62), იმავდროულად – საქართვ. მეცნ. აკად. ბოტანიკის ინ-ტის კავკასიის ცოცხალი ფლორის განყ-ბის გამგე (1935–55). იკვლევდა საქართვ. ველურ და კულტ. ფლორას, მდელოებს, საძოვრებს და მათი გაუმჯობესების საკითხებს („საქართველოს სარეველა მცენარეების სარკვევი'', 1934; „თბილისის მიდამოების ფლორა'', ტ. 1–2, 1935 და სხვ.); ავტორია სახელმძღვანელოებისა და სამეცნ.-პოპულ. წიგნების. მ. იყო „საქართველოს ფლორის'' გამოცემის (ტ. 1–2, 1941) ერთ-ერთი თანაავტორი და თანარედაქტორი; შეადგინა „სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია'' (მემცენარეობა, 1938) და „ბოტანიკური ლექსიკონი'' (I გამოცემა – 1949, II – 1961), რ-შიც შეკრებილია ველურ და კულტურულ მცენარეთა ხალხ. სახელწოდებები და დადგენილია მათი მეცნ. ნომენკლატურა.
ლ. ნათაძე