მაყაშვილი კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე

კ. მაყაშვილი

მაყაშვილი კონსტანტინე (კოტე) ზაქარიას ძე [13 (26). XI. 1875, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 29. VIII. 1927, წაღვერი], პოეტი, საზოგადო მოღვაწე. მამის გარდაცვალებისა და მრავალშვილიანი ოჯახის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო ხუთი წლის მ. ყარსის ოლქში გაგზავნეს უფროს ძმებთან, სადაც ისინი მსახურობდნენ. სამშობლოში დაბრუნებული მ. ბიძამ სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარა, ორი წლის შემდეგ კი თბილისის II კლასიკურ გიმნაზიაში გადაიყვანეს, რ-იც 1895 დაამთავრა. სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნ-ტის იურიდ., შემდეგ – აღმოსავლური ენების ფაკ-ტზე, მაგრამ სტუდენტთა გამოსვლებში მონაწილეობის გამო უნ-ტიდან გარიცხეს. 1900 დაბრუნდა სამშობლოში და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქართულ გიმნაზიაში, 1903-იდან – ქართ. სათავადაზნაურო ბანკში, 1915 კი ამავე ბანკის დირექტორად აირჩიეს.

მ. აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ივერია'', „სახალხო გაზეთი'', „ისარი'', „საქართველო'', „თემი'', „ფასკუნჯი'', „პრომეთე'', „ლომისი''. ლექსებს აქვეყნებდა „მაყაშის'' ფსევდონიმით. 1914 გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული სახელწოდებით „ლირიკა''.

მ-ის ინიციატივით სათავადაზნაურო დაწესებულებასთან შეიქმნა განსაკუთრებული ფონდი, რ-იც ფინანსურად ეხმარებოდა ყველა ხელმოკლე და ნიჭიერ ახალგაზრდას. იყო ასევე ქართ. ფილარმონიული საზ-ბის, საქართვ. საისტ.-საეთნოგრ. და ქართ. დრამ. საზ-ბების წევრი, საქართვ. მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი თავ-რე (1916–26), „აკადემიური მწერლობის“ კავშირისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის წევრი (1902–11). მისივე თაოსნობით 1918 დაარსდა ხელოვანთა ცენტრი, ხოლო 1921 აირჩიეს ხელოვანთა სასახლისა და კულტურული კომიტეტის თავ-რედ.

მ-მა ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ქართ. პოეზიაში სონეტი, დაამკვიდრა რომანსი, როგორც ლექსის ფორმა. მის სახელს უკავშირდება ახ. ქართ. თეატრის „დაბადება“. ქართ. თეატრის რეფორმატორმა კ. მარჯანიშვილმა 1922 დადგა მ-ის მიერ ნათარგმნი ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“. მ-ის შვილი იყო საქართვ. ეროვნ. გმირი მ. მაყაშვილი.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: რჩეული, თბ., 1960; ლექსები, წერილები, თბ., 1985; ერთტომეული: ლექსები, პოემა, თარგმანი, წერილები, გამოსაც. მოამზადეს მ. მაყაშვილმა და ც. ყიფშიძემ, თბ., 1997.

ლიტ.: აფხაიძე შ., კოტე მაყაშვილი, წგ.: ქართული ლიტერატურის ისტორია, [ტ.] 6, თბ.,1982; ბოტკოველი ზ., რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, თბ., 2016; ზანდუკელი მ., თხზულებანი, [ტ.] 1, თბ., 1972; კვერენჩხილაძე რ., მეოცე საუკუნის საქართველოს ლიტერატურული ცხოვრების მესვეურნი, თბ., 2012; ნიკოლეიშვილი ა., კოტე მაყაშვილის ლირიკა, „ცისკარი'', 1993, №5; ფაშალიშვილი ს., დაუვიწყარი შეხვედრები, თბ., 1966; ყიფშიძე ც., კოტე მაყაშვილი, თბ., 1983; ციციშვილი გ., კოტე მაყაშვილის შემოქმედება, „მნათობი'', 1956, №7; ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972.

ც. ყიფშიძე