მაყაშვილი მარიამ (მარო) კონსტანტინეს ასული (25. VIII. 1902, თბილისი, – 19. II. 1921, იქვე), საქართველოს ეროვნული გმირი (2015). დაამთავრა ქალთა ქართ. გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილ. უნ-ტის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის დროს მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. დაკრძალულია ყოფ. სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართვ. პარლამენტის შენობის ტერიტორია). ზ. ფალიაშვილმა ოპერა „დაისის“ მთავარ გმირს მისი სახელი უწოდა. ნიდერლანდელმა კომპოზიტორმა თ. ბაიერმა, მწერალ ს. ბენიძის ტექსტზე, სპეციალურად „დელფტის“ კამერული ფესტივალისათვის შექმნა მონოდრამა „მარო“ (იდეის ავტორი „დელფტის“ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვ. პიანისტი ნ. გვეტაძე), სადაც მ-ის პირადი დღიურების მიხედვით გადმოცემულია მისი ისტორია.
თხზ.: დღიური, თბ., 2014.
მ. ლილუაშვილი