მაყვალი (Rubus fruticosus), მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მეტწილად ხვიარა ბუჩქებია. აქვს ეკლებით ან ჯაგრებით მოფენილი გრძელი ღეროები. პირველი წლის ყლორტებზე – ტურიონებზე – მხოლოდ ფოთლებია, მეორე წლის ყლორტებზე კი – ყვავილები და ნაყოფები. ყვავილები მარტოულია, უფრო იშვიათად ყვავილედებად შეკრებილი. ნაყოფი კრებადია და შედგება წითელი ან მოწითალო-მოშავო ნაფიფქიანი წვნიანი კურკიანებისგან.
მ-ის 200-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში 37 სახეობა გვხვდება, მათგან 27 საქართვ. ენდემია. მ-ის ღერო და ფოთლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნაყოფი – 4–8% შაქრებს, 0,6–1,4% მჟავებს, C ვიტამინს და კაროტინს. იყენებენ ნედლად, აკეთებენ მურაბას, ჯემს და სხვა ნაწარმს. ცნობილია კულტ. მ-ის დაახლ. 300-მდე ჯიში.
ლ. ხინთიბიძე