მაჩაბელი ივანე გიორგის ძე

ი. მაჩაბელი

მაჩაბელი ივანე გიორგის ძე [(27. I) (9. II.) 1854, სოფ. თამარაშენი, ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი, – 26. VI (9. VII). 1898, თბილისი], მწერალი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართველ 60-იანელთა წარმომადგენელი, ახ. ქართ. სალიტ. ენის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1870 მ-მა წარჩინებით დაამთავრა თბილ. გიმნაზია. გატაცებით კითხულობდა ქართ. და რუს. ლიტ-რას, სწავლობდა უცხო ენებს. ლექსების წერა 14–15 წლისამ დაიწყო. 1871 გაემგზავრა პეტერბურგში თავის ძმასთან – ვ. მაჩაბელთან, რ-იც უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე სწავლობდა. მ. პეტერბურგის უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტზე ჩაირიცხა, თუმცა მალევე, ძმის ზეგავლენით, იურიდ. ფაკ-ტზე განაგრძო სწავლა, რ-იც 1874 დაამთავრა. აქვე თანამოაზრეებთან ერთად დააარსა დრამ. წრე.

1873, ზაფხულში, ქართ. სათავადაზნაურო ბანკის საქმეების გამო პეტერბურგში ჩასულმა ი. ჭავჭავაძემ მ-ს გაუზიარა თავისი განზრახვა და სთხოვა, ერთად ეთარგმნათ შექსპირის „მეფე ლირი“. 1873 ჟურნ. „კრებულის“ მეათე ნომერში დაიბეჭდა „მეფე ლირის“ პირველი მოქმედების თარგმანი, რ-მაც ქართვ. საზ-ბის დიდი მოწონება დაიმსახურა. 1874–77 მ. სწავლობდა გერმანიაში, ჰოპენჰაიმის სას.-სამ. აკადემიაში, შემდეგ კი – პარიზში, სორბონის უნ-ტში. 1879 დაბრუნდა საქართველოში და ნაყოფიერ შემოქმედებით და საზ. მოღვაწეობას შეუდგა. ამავე წლიდან ქართ. პრესაში იბეჭდებოდა მისი ლექსები, კრიტ.-პუბლიც. წერილები და თარგმანები. მ. აქტ. მონაწილე იყო ყველა იმ საზ. წამოწყებისა, რ-საც ი. ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. იყო შოთა რუსთაველის პოემის 1888 გამოცემის რედაქტორი; დიდი დახმარება გაუწია პოემის ილუსტრატორს, მ. ზიჩის, აგრეთვე, მ. უორდროპსა და პოემის სხვა უცხოელ მთარგმნელებს. მანვე რუსი კომპოზიტორის, მ. იპოლიტოვ-ივანოვის თხოვნით დაწერა ლიბრეტო ოპერა „ვეფხისტყაოსნისათვის“. 1879-იდან მ. აქტიურად თანამშრომლობდა გაზ. „ივერიასთან“. ამავე წლიდან სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში სამუშაოდ მიიწვია ი. ჭავჭავაძემ. ცოტა ხანში მათ შორის დაიწყო დავა ბანკის საკითხებზე, რ-იც „ბანკობიის“ სახელითაა ცნობილი. 1883 ჩამოშორდა საბანკო საქმიანობას.

1882–83 ილიასთან ერთად იყო ჟურნ. „ივერიის“, 1883–85 კი – გაზ. „დროების“ რედაქტორი. მ-მა გაამდიდრა ქართ. თეატრის რეპერტუარი. თარგმნა მოლიერის „ეჭვით ავადმყოფი“, სხვადასხვა ენიდან გადმოაკეთა პიესები: „ადვოკატი მელაძე“, „ფრუ-ფრუ, ანუ ცქრიალა საძაგელი“, „ორ ცეცხლს შუა“ და სხვ. შექსპირის ტრაგედიების ბრწყინვალე თარგმანებმა („მეფე ლირი“, 1874; ,,ჰამლეტი“, 1886; ,,ოტელო“, 1888, ,,მაკბეთი“, 1892; ,,რიჩარდ III“, 1893; ,,იულიუს კეისარი“, 1896; ,,ანტონიო და კლეოპატრა“, 1898 და ,,კორიოლანოსი“, 1898) მ-ს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა ქართ. ლიტ-რის ისტორიაში. მ-ის თარგმანები გამოირჩევა ორიგინალთან სიახლოვით, შექსპირის მხატვრული ენისა და დიალოგის ვირტუოზული გადმოცემით, აზრის სინათლითა და დინამიკურობით, შექსპირისეული თეთრი ლექსის ოსტატური გადმოღებით. ეს იყო ახალი სიტყვა ქართ. მხატვრულ მთარგმნელობით ლიტ-რაში.

1897 მაისში მ. მძიმედ დაავადდა პლევრიტით. 1898 წ. 26 ივნისს, გამთენიისას, შინიდან გავიდა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მ-ის გაუჩინარების ასი წლის თავზე, 1998, მისი ქალიშვილის მიერ შემონახული მამის სამი ნეკნი, რ-ებიც ოპერაციის დროს ამოჰკვეთეს, გამორჩეული პატივით მიაბარეს მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს.

თარგმ.: შექსპირი უ., ტრაგედიები, [ტ.] 1–3, თბ., 1953–54.

ლიტ.: ზურაბაშვილი ე., ქართული მთარგმნელობითი ტრადიცია და შექსპირის ივანე მაჩაბლისეული თარგმანები, თბ., 2005; მღებრიშვილი ა., ივანე მაჩაბელი ცხინვალის ქართული პერიოდიკის მიხედვით, გორი, 1998; ფერაძე ლ., შეწყვეტილი სიცოცხლე, თბ., 2004; ჩხეიძე პ., ივანე მაჩაბლის ტრადიცია, თბ., 2005; ჭელიძე ვ., ივანე მაჩაბელი, თბ., 1968.

ვ. ჭელიძე

ს. მეტრეველი