მაჩაბელი მიხეილ ვახტანგის ძე (15. XI. 1858, თბილისი, – 1927, იქვე), აგრონომი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. 1878 დაამთავრა თბილ. რეალური სასწავლებელი, სწავლობდა მოსკ. პეტროვსკო-რაზუმოვსკის სას.-სამ. აკადემიაში. 1883–85 მუშაობდა თბილ. თვითმმართველობის საფინანსო განყ-ბასა და სავაჭრო ზედამხედველთა უწყებაში, ასევე მიწათმოწყობის სამინისტროში. 1884–1911 იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის, 1887–92 – თბილ. საქალაქო საბჭოს ხმოსანი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, 1899–1918 – გლეხკაცთა მიწათმომწყობი პარტიის გამგე. 1907 მ-ის ინიციატივით, ყმა გლეხთათვის მიწის შეძენა-დამუშავებაში ხელშესაწყობად თავადაზნაურობამ დააარსა საადგილმამულო კომისია, რ-საც მ. ხელმძღვანელობდა 1911-მდე. 1914–21 იყო ქართ. საქველმოქმედო საზ-ბის თავ-რე; რედაქტორობდა გაზ. „ზაკავკაზიეს“, წერდა ფსევდონიმით „თბილისელი“. 1917-იდან გახდა საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი და პირველი ეროვნ. ყრილობის დელეგატი, 1918-იდან სათავეში ჩაუდგა ეროვნ. საბჭოს სარწმუნოებათა კომისიას. 1922-იდან მუშაობდა საქართვ. მიწათმოქმედების სახ. კომისარიატში. მ. მოღვაწეობდა სას.-სამ., გეოგრ., საისტ. და საეთნოგრაფიო საზ-ბებში, იყო საქართველოში ხელოსნური მრეწველობის დარგის განვითარების საუკეთესო სპეციალისტი. ავტორია წიგნისა: „თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრება“ (რუს. ენაზე, თბ., 1887). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ჯანელიძე ო., ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.