მაჩაიძე მანუჩარ დომენტის ძე (დ. 25. III. 1949, ამბროლაური), სპორტსმენი (ფეხბურთი, ნახევარმცველი). სსრკ სპორტის ოსტატი (1970), ინჟინერ-მშენებელი, ტექნიკის მეცნ. კანდიდატი (1997). დაამთავრა სპი-ის სამშენებლო ფაკ-ტი (1975). თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ჩაატარა 297 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. სსრკ ჩემპიონი (1978), მეორე (1977) და მესამე პრიზიორი (1969, 1971–72, 1976), სსრკ თასის მფლობელი (1976, 1979); 1980 დატოვა გუნდი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო. სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979). იყო თბილისის „დინამოს“ (1968–80), თბილისის „ლოკომოტივის“ (1969, მცირე ხნით), ტაშკენტის „ფახთაქორის“ (1980), მოსკოვის „სპარტაკის“ (1981), ქუთაისის „ტორპედოს“ (1981–82) საყრდენი ნახევარმცველი; სსრკ ნაკრების (1974–79, ოთხი მატჩი) და სსრკ ოლიმპიური ნაკრების (1971–75, 4 მატჩი, ერთი გოლი) წევრი. 8-ჯერ დასახელდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის (I ადგილი– 1978–79; II ადგილი – 1973–74; III ადგილი – 1971–72, 1976–77).
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი ნაძალადევის საარჩევნო ოლქიდან), ფრაქცია „მაჟორიტარი – სოციალისტის“ წევრი (1995–99), პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში ქვეკომიტეტის თავ-რე, საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის დროებითი კომისიის წევრი, თბილ. საკრებულოს წევრი (2002–06; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“, 2014–18). საქართვ. მშენებელთა და სპორტსმენთა კავშირების წევრი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999) და ქართული სპორტის რაინდის წოდება (2013).