მაჩაიძე ნინო თამაზის ასული

ნ. მაჩაიძე
ნ. მ ა ჩ ა ი ძ ე – თაისი, პ. დომინგო – ათანაელი. ჟ. მასნეს ოპერა „თაისი“.

მაჩაიძე ნინო თამაზის ასული (დ. 8. III. 1983 თბილისი), მომღერალი (სოპრანო). დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი (პედ. ა. ლომთაძე, ფლეიტა), ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სკოლა (პედ. დ. დიასამიძე, ვოკალი), ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (პედ. თ. გუგუშვილი, ვოკალი). 2000–05 იყო თბილ. ოპერის სოლისტი. 2005 გაიმარჯვა კონკურსში და ჩაირიცხა „ლა სკალას“ აკადემიაში (პედ-ები: ლ. სერა, ლ. გენშერი, ლ. ალვა; მასტერკლასი გაიარა რ. ბრუსონისთან და მ. ფრენისთან). იმავე წელს იქვე შედგა მ-ის დებიუტი (ნაიადა; რ. შტრაუსის „არიადნე ნაქსოსიდან“). მ-ის კარიერაში გარდამტეხი იყო 2008 წელი, როდესაც ჯულიეტას პარტიით (შ. გუნოს „რომეო და ჯულიეტა“) წარსდგა ზალცბურგის ფესტივალზე, რის შემდეგაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მ. მონაწილეობს მრავალ ფესტივალზე, წამყვანი საოპერო პარტიებითა და სოლო კონცერტებით გამოდის მრავალი ქვეყნის საოპერო თეატრების სცენებზე. 2005-იდან ცხოვრობს მილანში, 2020-იდან ატარებს მასტერკლასებს ევროპაში. მ-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა XIX ს. იტალიურ, ფრანგულ რეპერტუარს. შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ნორინა, ადინა, ლუჩია, მარი (გ. დონიცეტის „დონ პასკუალე“, „სიყვარულის ნექტარი“, „ლუჩია დი ლამერმური“, „პოლკის ქალიშვილი“), ჯილდა, ვიოლეტა, ჯიზელდა (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „ლომბარდიელები“), ლეილა (ჟ. ბიზეს „მარგალიტის მაძიებელნი“), ნედა (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), როზინა, ფიორელა, ნინეტა, დეზდემონა, არმიდა (ჯ. როსინისს „სევილიელი დალაქი“, „თურქი იტალიაში“, „ქურდი კაჭკაჭი“, „ოტელო“, „არმიდა“), მიუზეტა, ლაურეტა (ჯ. პუჩინის „ბოჰემა“, „ჯანი სკიკი“); მანონი (ჟ. მასნეს „მანონი“) და სხვ.

მ. არის ლ. გენჯერის სახ. ვოკალისტთა საერთაშ. კონკურსის I პრემიის ლაურეატი (სტამბული, 2007). „Sony Classical“-ის არტისტი 2011-იდან. დასასხელდა ესპანეთის წლის საუკეთესო მომღერალ ქალად (2012–13).