მაჩვი (Meles), მტაცებელ ძუძუმწოვარ ცხოველთა გვარი კვერნისებრთა ოჯახიდან. სხეულის სიგრძეა 50–90 სმ, მასა – 4−34 კგ. სხეულის ზედა ნაწილი ნაცრისფრიდან ყავისფრამდე ცვალებადობს, თავზე აქვს შავი და ღია ფერის (თეთრიდან ბაც ყავისფრამდე) ზოლები. გვარში შედის ოთხი სახეობა: ევროპული მ. (M. meles), კავკასიური მ. (M. canescens), აზიური მ. (M. leucurus) და იაპონური მ. (M. anakuma). ევროპული მ. ძირითადად ნაცრისფერია, აღმოსავლეთისკენ შეფერილობა მუქდება და იაპონური მ. უკვე მთლიანად ღია ყავისფერია. მ-ის სახეობების მასა და ზომა დას-იდან აღმ-კენ კლებულობს. ევროპული მ. გავრცელებულია მთელ ევროპაში, მდ. ვოლგამდე და ჩრდ. კავკასიამდე; აზიური მ. ბინადრობს მდ. ვოლგის მარცხ. სანაპიროზე, ციმბირში, ჩინეთში, შუა აზიის ჩრდილოეთში, ყაზახეთში, კორეაში; იაპონური მ. გავრცელებულია იაპონიასა და შორეულ აღმოსავლეთში.
საქართველოში ბინადრობს კავკასიური მ. (M. canescens), რ-იც კავკასიის გარდა გვხვდება ახლო აღმოსავლეთში, ირანში, ავღანეთში, შუა აზიაში. იგი ნაცრისფერია, სამხრ. საქართველოში ერევა ყავისფერი ბეწვი. თავზე, ცხვირიდან ყურებამდე, გასდევს ორი შავი ზოლი, დრუნჩისა და თავის ზედა ნაწილი თეთრია, მუცლის მხარე – შავი. ბეწვი უხეშია, აქვს რბილი თივთიკი. საქართველოში გვხვდება ყველგან, ზ. დ. 2750 მ-მდე. უმეტესად ბინადრობს ტყეებში, ველებზე, ნახევარუდაბნოებსა და სუბალპებში. სოროებს წყლის მახლობლად (1 კმ-მდე) მშრალ ადგილას იკეთებს. ნიადაგში თხრის ღრმა და განტოტვილ, რამდენიმესართულიან სოროს, რ-საც შესაძლოა ჰქონდეს 40−50 გამოსასვლელი და სავენტილაციო ხვრელი. გვირაბების სიგრძეა 10–15 მ. მ-ის ამგვარ დასახლებებს „მაჩვის ქალაქებს“ უწოდებენ. იკვებება მცენარეული საკვებით და წვრილ-წვრილი ცხოველებით. მაკეობა წლამდე გრძელდება. შობს 2−6 ნაშიერს. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით. მის ცხიმს კი სამკურნალო თვისება აქვს.
ა. ბუხნიკაშვილი