მაჩქათელა

ჩვეულებრივი მაჩქათელა

მაჩქათელა, ხელფრთიანთა (ღამურები) რიგის (Chiroptera) გვარი (Barbastella), ძუძუმწოვარი ცხოველი. აერთიანებს 6 სახეობას. საქართველოში აღინიშნება ჩვეულებრივი, ანუ ევროპული მ. (B. barbastellus). აქვს შედარებით მოკლე და ძალზე ფართო ყურები, მოკლე და ბლაგვი ცხვირი, გრძელი და ბოლოში წაწვეტებული ფრთები. სხეული დაფარული აქვს გრძელი, ხშირი, რბილი, შავი ან მუქი ყავისფერი ბეწვით, რ-საც ზოგჯერ მოვერცხლისფრო ელფერი დაჰკრავს. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში. გვხვდება არეალს დაშორებული მცირე პოპულაციები თურქეთში, თურქმენეთში, ჩრდ.-დას. აფრიკასა და კანარის კუნძულებზე. ბინადრობს ფართოფოთლოვანი ხის ფუღუროებში, კლდის ნაპრალებში, სხვენზე, ზამთრობით შესაძლოა შეგვხვდეს მღვიმეებშიც. სწრაფად დაფრინავს. შობს ორ ნაშიერს. ზამთრობით ძილქუშს ეძლევა. იკვებება მწერებით, ძირითადად ჩრჩილით, ნაკლებად – ხოჭოებითა და კოღოებით. მისი რაოდენობა ყველგან მცირდება. როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია საქართვ. „წითელ ნუსხაში“.

ა. ბუხნიკაშვილი