მაჩხანელი (ნამდვ. გვარი ნადირაძე) დიმიტრი მიხეილის ძე (11. I. 1861, სოფ. ქვემო მაჩხაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 16. XI. 1903, იქვე), მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. იყო მოსკ. უნ-ტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებ. „ახალი სიზმარი“ 1880 გამოსცა, მეორე („სიყვარულის კონა“) – 1881. მ-ის მოთხრობები, პიესები, პუბლიც. წერილები იბეჭდებოდა ქართ. პრესაში („ივერია“, „მოამბე“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ.). 1887 ცალკე წიგნად გამოქვეყნდა „ძმური სიტყვა“, რ-იც პუბლიც. ფელეტონების სახით იბეჭდებოდა „ივერიაში“. იგი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. მისი ფსევდონიმები იყო „თერგდალეული“, „მთადიდელი“, „ლახვარიძე“. მ-ის ზოგიერთი ლექსი („ჩემ საყვარელ სამშობლოს“, „ვედრება“, „ტურფავ, მოდი, ნუ ხარ მტრულად“) სიმღერად იქცა. 1895 მისი თაოსნობით გაიხსნა ქალთა დაწყებითი სკოლა ბიბლიოთეკით (რ-საც მან საკუთარი სახლი დაუთმო) და სამეურნეო სასწავლებელი. მ-ის ინიციატივით სოფელში აიგო თეატრის შენობა (1897), სადაც მისივე ხელმძღვანელობით იმართებოდა წარმოდგენები (საქართვ. პროვინციებში ეს პირველი სახ. თეატრი იყო).
თხზ.: ძმური სიტყვა, ტფ., 1887; სოფლის კუნწულა, ტფ., 1892; გლეხის ნაამბობი, თბ., 1897; მარო, დრამის ნაწყვეტი, ქუთ., 1898; სიყვარულის ამბავი, მოთხრობები, წგ. შეადგინა და წინასიტყვ. დაურთო ქ. ხაჩიაშვილმა, თბ., 1974.
ლიტ.: იარალი მ., სიღნაღის სახალხო თეატრი, თბ., 1972; მარტაშვილი ლ., დიმიტრი მაჩხანელი და თეატრი, „თეატრალური მოამბე`, 1970, №2; მ ი ს ი ვ ე, დიმიტრი მაჩხანელი, „ლიტერატურის მატიანე“, 1986, №9; ხაჩიაშვილი ქ., დიმიტრი მაჩხანელი, „მნათობი“, 1972, №5.
ნ. ალანია