მაჩხოშვილი რევაზ ივანეს ძე (დ. 20. IX. 1939, სოფ. მიგრიაულები, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1988), სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998). 1959–64 სწავლობდა თსუ-ის ქიმ. ფაკ-ტზე. მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ქიმიის ინ-ტში კოორდინაციული ნაერთების ლაბორატორიაში, 1968–87 – სსრკ მეცნ. აკად. ზოგადი და არაორგანული ქიმ. ინ-ტის კომპლექსნაერთთა ქიმიის ლაბორატორიაში (მოსკოვი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელმძღვანელობდა (1987–2007) ქიმიის კათედრას და თავისსავე დაარსებულ ქიმ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიას თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში (2005-იდან – ილიას სახელმწ. უნ-ტი).
მ-ის სამეცნ.-კვლ. მუშაობის ძირითადი მიმართულებაა გარდამავალ ლითონთა (Cu, Zn, Cd, Hg, Mn, Fe, Co, Ni) კოორდინაციული ნაერთების სინთეზი ალიფატური და არომატული რიგის პირველად და მეორეულ ჰიდრაზიდებთან და ამ ნაერთების ფიზ.-ქიმ. თვისებების კვლევა.
მ-მა დაადგინა კომპლექსწარმოქმნაში არომატული ჰიდრაზიდების მონაწილეობა და მათი კოორდინირების წესი; შეიმუშავა ლითონთა ჰიდრაზიდკომპლექსების სინთეზის მეთოდები.
მ-ის მიერ სინთეზირებულ მრავალრიცხოვან კომპლექსნაერთთაგან რამდენიმეს აღმოაჩნდა ბიოაქტიური და სპეციფ. თვისებები, რისთვისაც მიიღო 7 საავტორო მოწმობა (1998). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები, რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას.
თხზ.: ზოგადი, არაორგანული და კოორდინაციული ქიმიის ლაბორატორიის სახელმძღვანელო, თბ., 1996 (თანაავტ. ლ. გორჯოლაძე); კოორდინაციული ქიმიის შესავალი, თბ., 2004; Химия гидразидокомплексов металлов, М., 1997; Гидразин. Гидразиды, М., 2000 (თანაავტ. Ю. Я. Харитонов).