მაძინი (Mazzini) ჯუზეპე

მაძინი (Mazzini) ჯუზეპე (22. VI. 1805, გენუა,–10. III. 1872, პიზა), იტალიის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (რისორჯიმენტო) ერთ-ერთი ლიდერი და მისი რესპ.-დემოკრ. მემარცხენე რადიკალური ფრთის ხელმძღვანელი, ჯ. გარიბალდის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი. დაასრულა გენუის უნ-ტის სამართლისმცოდნეობის ფაკ-ტი (1827). იმავე ხანებში ეზიარა მასონურ იდეოლოგიას, რ-ის გავლენით 1831 დააფუძნა ფარული ორგანიზაცია „ახალგაზრდა იტალია“ (მოგვიანებით – მაძინისტური მოძრაობა). რისორჯიმენტოს გადამწყვეტ ეტაპზე (1859–60) გარიბალდისთან ერთად სათავეში ჩაუდგა შეიარაღებულ ბრძოლას იტალიის გაერთიანებისათვის, რაც საბოლოდ 1870 დასრულდა.

მ. ფართო საერთაშ. მოღვაწეობასაც ეწეოდა, მისი თაოსნობით შეიქმნა ინტერნაციონალური (საერთაშ.) ლიგა, რ-იც ერთხანს საერთოევრ. დემოკრ. მოძრაობის ფლაგმანს წარმოადგენდა.

იტალიის რისორჯიმენტოს იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოში „სამოციანელთა“ (თერგდალეულთა) ინიციატივით განახლებულ ეროვნ.-განმათ. მოძრაობაზე. უფრო ადრე კი იტალიელმა კარბონარიებმა ასევე დიდი გავლენა მოახდინეს საქართველოში 1832 შეთქმულების ორგანიზატორებსა და მათ ფარულ საზ-ბაზე, ამ საზ-ბის ორგანიზაციულ წყობასა და საპროგრამო დოკუმენტზე („აკტი გონიური“).

აღსანიშნავია, რომ მ-სთან ურთიერთობა ჰქონდა არაერთ ქართველ მოღვაწეს, იტალიაში იმხანად არსებული მცირე ქართ. სათვისტომოს წევრებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. ნიკოლაძე, რ-იც XIX ს. 60-იან წლებში დას. ევროპაში იყო და ფართო საზ.-პოლიტ. და პუბლიც. მოღვაწეობას ეწეოდა. მ-ს საზ.-პოლიტ. მოღვაწეობას ფართოდ მიმოიხილავდნენ და უმაღლეს შეფასებას აძლევდნენ ი. ჭავჭავაძე, დ. ყიფიანი, ა. ფურცელაძე, ი. მეუნარგი და სხვ.

ლ. ურუშაძე