მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე

ა. გ. მაჭავარიანი

მაჭავარიანი ალექსანდრე გიორგის ძე (4. II. 1884, ბათუმი, – 21. IV. 1941, თბილისი), ქირურგი, საზ. მოღვაწე, საქართვ. ჯანდაცვის ორგანიზატორი, კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1939).

1910 დაამთავრა პეტერბურგის სამხ.-სამედ. აკადემია. 1911 ჩიყვის შესასწავლად მოაწყო ექსპედიცია სვანეთში და მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1914–18 მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1919-იდან დაიწყო მუშაობა თბილისში, ამიერკავკასიის სამხ. ჰოსპიტალში ქირურგ-კონსულტანტად. მ. ხელმძღვანელობდა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტზე თავისსავე დაარსებულ ტოპოგრ. ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის, შემდეგ – საფაკულტეტო ქირურგიის კათედრებს. იყო თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი, თბილ. სამედ. ინ-ტის დირექტორი (1937–41), პარალელურად – საქართვ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მ. იკვლევდა ფარისებრ ჯირკვალს, სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Вязкость, свёртываемость и некоторые другие гематологические данные при заболеваний щитовидной железы, П., 1913.

ლიტ.: საყვარელიძე ს., ალექსანდრე მაჭავარიანი. ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1956.