მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის ძე

ა. მაჭავარიანი

მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის ძე (1882, თელავი, – 20. V. 1923, თბილისი), სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921–23 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი (1914), საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) ეროვნ. არმიის პოლკოვნიკი (1918). დაამთავრა სამხ.-საარტ. სასწავლებელი (1904). I მსოფლიო ომის (1914–18) მონაწილე. 1918 საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის არმიის შექმნისთანავე ჩადგა მის რიგებში – იყო საარტ. პოლკის მეთაურის მოადგილე, მონაწილეობდა საქართველო-სომხეთის ომში (1918 დეკ.), თურქების (1919), ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში (1921 თებ.). 1917-იდან მ. იყო საქართვ. ეროვნ.-დემოკრ. პარტიის წევრი, საბჭ. რუსეთის მიერ საქართვ. ოკუპაციისა და ფაქტ. ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ ჩაება ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში. 1922–23 კ. აფხაზთან ერთად იყო საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტის (იგივე „პარიტეტული კომიტეტი“) სამხ. ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ცენტრს ევალებოდა საქართველოში ანტისაბჭ. საერთო ეროვნ. აჯანყების მომზადება. 1923 საქ. სსრ „საგანგებო კომისიამ“ (ე. წ. „ჩეკა“) სამხ. ცენტრის სრული შემადგენლობა დააპატიმრა, ამავე წლის 20 მაისს კი თბილისში, ახლანდ. ვაკის პარკის ტერიტორიაზე ჯგუფის წევრები დახვრიტეს.

ლიტ.: დიუგე რ., მოსკოვი და წამებული საქართველო, ფრანგულიდან თარგმნეს მ. და ა. ბაქრაძეებმა, თბ., 1994; საქმე საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების პარიტეტული კომიტეტის შესახებ (საბრალდებო დასკვნა), თბ., 1994 (პირველად გამოიცა 1925 წ.).

ლ. ურუშაძე