მაჭავარიანი ალექსი დავითის ძე (13. IX. 1913, გორი, – 31. XII. 1995, თბილისი), კომპოზიტორი. სსრკ სახ. არტისტი (1958), სტალინური (1951) და შოთა რუსთაველის სახელმწ. (1971) პრემიების ლაურეატი. 1936 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია, 1939 ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურა (პედაგოგი პ. რიაზანოვი). 1935–39 იყო თბილ. მუს-კომედიის თეატრის მუს. განყ-ბის გამგე, 1956–59 – საქართვ. სიმფ. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვ., 1939-იდან – თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი (1963-იდან – პროფესორი), 1962–73 – საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის თავ-რე, 1962–72 – სსრკ კომპოზიტორთა კავშირის მდივანი.
მ-ის ჟანრობრივად მრავალფეროვანი და მდიდარი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მგზნებარე ტემპერამენტი, ამაღლებული ლირიკა და დრამატიზმი. მის მუსიკაში ორიგინალურად აისახა ქართვ. ხალხის სიმღერისა და ცეკვის ინტონაციები და რიტმები. მ-ის შემოქმედების ბოლო პერიოდის ნაწარმოებების ლექსიკა გამოირჩევა თანამედროვე მუს. აზროვნებისათვის დამახასიათებელი ინტონაციური, ჰარმონიული სიმძაფრით, პოლიტონალური თუ ატონალური ელემენტებით, რაც ორგანულად ერწყმის კომპოზიტორის ეროვნ. სტილისტიკას. მ-ის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – „დედა და შვილი“ (ი. ჭავჭავაძის პოემის მიხედვით; 1945), „ჰამლეტი“ (1968), „მედეა“ (1991), რ-თა ლიბრეტოს ავტორი, სხვებთან ერთად, თავადვე იყო; ბალეტები – „ოტელო“ (თბილისის გარდა სხვდასხვა წლებში დაიდგა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში; ეკრანიზებულია 1961), „ვეფხისტყაოსანი“ (1966), „ჭირვეულის მორჯულება“ (1984); ბალეტი-პოემა _ „ფიროსმანის ხსოვნისადმი“ (1984_89); 7 სიმფონია [1947, 1973, 1983 (2), 1986, 1987, 1989], სიმფ. პოემები, სიუიტები, უვერტიურები, სურათები („ელეგია“, „მუმლი მუხასა“, „სკერცო“, „გორის სურათები“, „ლეკური“ ფორტეპიანოს, დოლისა და ორკესტრისათვის და სხვ.), საფორტეპიანო (1944), სავიოლინო (1950, 1951, სტალინური პრემია), სავიოლონჩელო (1992) კონცერტები; 6 სიმებიანი კვარტეტი №1–2 (1978), №3 (1979), №4 (1982), №5, 6 (1989); ორატორია „ჩემი სამშობლოს დღე“ (1954); ვოკალურ-სიმფ. პოემა „გმირის სიკვდილზე“ (1948); ვოკალურ-სიმფ. ციკლი „ხუთი მონოლოგი“ (ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1968); საფორტეპიანო ციკლები – „ქართული ფრესკები“ (1977), „პარიზული ჩანახატები“ (1979); საფორტეპიანო („ხორუმი“, 1939) და სავიოლინო („დოლური“) პიესები და სხვ.; გუნდები („გორული პოემა“, „ლაშქრული“, „შენ აქ ხარ“, „ოროველა“, „მთვარეს“, „დედა-ენა“, „საგალობლები“, ბალადა-პოემა „არსენა“ და სხვ.), რომანსები („ცისა ფერს“, „არ დაიდარდო, დედაო“, „მზეთამზის სახე“ და სხვ.). შექმნა მუსიკა კინოფილმებისა („პოეტის აკვანი“, „ორი ოკეანის საიდუმლოება“, „ქაჯანა“, „ოქროს ბილიკი“) და დრამ. სპექტაკლებისთვის (შექსპირის „მეფე ლირი“, მ. მრევლიშვილის „ბარათაშვილი“, ჰიქმეთის „ლეგენდა სიყვარულზე“ და სხვ.). მ. ავტორია აგრეთვე სკეტჩების, მუს. კომედიის, ვოდევილის, მ. შ., პირველი ქართული სატირული მუს. კომედიისა „ბაღლინჯო“ (1979); ვ. მაიაკოვსკის მიხედვით). მ-მა აღზარდა კომპოზიტორთა მთელი პლეადა: ჯ. ბეგლარიშვილი, ი. ბობოხიძე, შ. დავითაშვილი, რ. კემულარია, ე. ლოლაშვილი, ზ. მჟავია, მ. ოძელი, კ. როსებაშვილი, თ. შავლოხაშვილი, მ. ცერცვაძე, რ. ხორავა, თ. ჯაიანი, გ. ჯაფარიძე და სხვ. მისი თაოსნობით დაიწყო ქ. ბორჯომსა და ქ. სოხუმში კომპოზიტორთა შემოქმედებითი სახლის, თბილ. დიდი საკონცერტო დარბაზის (1971) მშენებლობა.
მ-ს მიღებული აქვს „ლა სკალას“ თეატრთან (იტალია, მილანი) არსებული „ბრაიდენზეს“ ხელოვნ. გალერეის ოქროს მედალი ბალეტ „ოტელოსთვის“ (1973); ჩიკაგოში (აშშ) პ. პიკასოს პრემია ბალეტ „ვეფხისტყაოსნისთვის“ (1985); კირილე და მეთოდეს (1971), ლენინის (1966) და ღირსების (1995) ორდენები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. 2014 მ-ის სახელი მიენიჭა თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს.
ლიტ.: დონაძე ლ., ალექსი მაჭავარიანის შემოქმედება, „საბჭოთა შემოქმედება“, თბ., 1978, №11; კაშიმა კ., ალექსი მაჭავარიანი – ქართველი ბეთჰოვენი, მუსიკა, თბ., 2021; კორძაია მ., ალექსი მაჭავარიანი, დროში და დროის მიღმა, თბ., 2021; ლონდარიძე ე., ა. მაჭავარიანის საგუნდო და კამერულ-ვოკალური შემოქმედება, თბ., 1978; ტორაძე გ., მუსიკის სამყაროში – ალექსი მაჭავარიანი, თბ., 2010; Хучууа П., Скрипичный концерт А. Мачавариани, М., Л., 1951; его же, Балет „Отелло“, Тб.,1958.
თ. დოლიძე