მაჭავარიანი დავით ნიკოლოზის ძე (2. IX. 1901, ქუთაისი, – 10. VII. 1975, თბილისი), მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, მუსიკოსი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1965). თეატრ. ხელოვნ. ერთ-ერთი რთული სახეობის, მცირე ფორმის ქორეოგრაფიის გამოჩენილი ოსტატი. მ. მორდკინის სტუდიის დამთავრების (1922) შემდეგ გამოდიოდა ამავე სტუდიის წარმოდგენებში, ცეკვავდა კორდებალეტში. შეასრულა მნიშვნელოვანი პარტიები პ. ჰერტელის ბალეტში „ამაო სიფრთხილე", ქორეოგრაფ. პიესაში „თოჯინები" და რ. დრიგოს „პოლკაში". 1926-იდან დაუკავშირდა კ. მარჯანიშვილს და თბილისში ქორეოგრაფიულად გააფორმა მისი სპექტაკლები: ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" (1928), ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო" (1928), კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა" (1929), მოსკოვის ოპერეტის თეატრში – ი. შტრაუსის „ღამურა" (1930). ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა თბილ. მუსკომედიის თეატრში, სადაც დადგა სპექტაკლები: ვ. ცაგარეიშვილის „მზის დაბნელება“, ი. გეჯაძის „ორი რეკორდი“, ი. მილიუტინის „ტრემბიტა“, „პერიფულა“, ი. კალმანის „ცირკის პრინცესა“, „მონმარტრის ია“, „სილვა“ და სხვ. ამ თეატრში გამოდიოდა როგორც კონცერტმაისტერიც. სპექტაკლებს დგამდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, მოზარდ მაყურებელთა ქართ. და რუს. თეატრებში.
ფილმ „ქეთო და კოტეს“ ცეკვების დამდგმელი (ი. სუხიშვილთან, ნ. რამიშვილთან ერთად). მ. იყო სსრკ-ში პირველი ასირიული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი და წამყვანი ქორეოგრაფი.