მაჭავარიანი ევგენი (ჟენია) ვახტანგის ძე (27. VII. 1937, თბილისი, – 2. I. 1997, იქვე), მუსიკისმცოდნე, ტელეწამყვანი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1979). 1963 დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. კონსერვატორია მუსიკისმცოდნეობის განხრით. 1963–70 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი, 1966–70 – საქართვ. სახელმწ. ტელე-რადიოკომიტეტის მუს. პროგრამების რედაქციის მთ. რედაქტორი, 1970-იდან – კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუს. განყ-ბის უფროსი, 1977-იდან – მუს. მაუწყებლობის მთ. კონსულტანტი, 1982–97 – საქართვ. ფილარმონიის გენ. დირექტორის მოადგილე (შემდგომ – სამხატვრო ხელმძღვანელი), 1970–79 – თბილ. სახელმწ. კონსერვატორიის ესთეტიკის კათედრის მეცნიერი თანამშრომელი. მ-ს ტელევიზიაში მიჰყავდა გადაცემა „ეს ესტრადაა“. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში ჯაზის პოპულარიზაციაში.
მ. აქვეყნებდა წერილებსა და სტატიებს პრესაში. მ-ის პუბლიკაციებს შორის აღსანიშნავია ფოტოალბომი „გაზაფხული, მუსიკა, თბილისი“, „ქართული მუსიკის ხუთი წელი. ფაქტები, მოვლენები, მასალები“, „ქართული მუსიკა 1973–1976 წლებში“; წერდა სტატიებს ქართველ მუსიკოსთა და კომპოზიტორთა შესახებ. მისი სცენარითაა გადაღებული მხატვრული ფილმი „ყოჩაღად, პაპებო!“ (1981) და დოკუმენტური ფილმი „ქება ვაზისა“ (1988). იყო ქ. ლოუელის საპატიო მოქალაქე (აშშ, 1990). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: Какулия Л., Чкония С., Композиторы и музыковеды Грузии, Тб., 1984.