მაჭავარიანი მაია ვლადიმერის ასული (28. X. 1926, თბილისი, – 16. X. 2016, იქვე), ენათმეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის კავკ. ენათა განყ-ბა (1949). სამეცნ. საქმიანობას ეწეოდა ენათმეცნიერების ინ-ტში; იყო ზოგადი ენათმეცნიერების განყ-ბის უმცრ. (1956–65) და უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1965–84), ამავე განყ-ბის გამგე, ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1984–2001).
მ-მა მნიშვნელოვანი ნაშრომები მიუძღვნა ენის არსის ფილოს.-თეორიულ კვლევას, ენის ფორმალიზაციის, მოდელირებისა და კოდირების, ქართ. ენის სტრუქტურისა და სემანტიკის საკითხებს, კრიტიკულად შეისწავლა ევრ. ფილოსოფიასა და ენათმეცნიერებაში გავრცელებული არაერთი მნიშვნელოვანი თეორია, რ-თა საფუძველზეც გააანალიზა ქართ. ენის მასალა და ახლებურად წარმოადგინა მისი ზოგიერთი თავისებურება. ამ მხრივ გამორჩეულია მონოგრაფია „ქცევის გრამატიკული კატეგორიის სემანტიკა“ (1987).
ჩაიწერა და ქართ.-ინგლ. თარგმანებისა და გრამატიკული ანალიზის თანხლებით გამოაქვეყნა წოვა-თუშური ტექსტები (ბ. შავხელიშვილთან ერთად, 1999). შეადგინა და საკუთარი რედაქციით გამოსცა სამეცნ. კრებულები „გზა ენისაკენ“ (1978), „ენა და საზრისი. ლექსისი“ (2000). იყო სხვადასხვა საენათმეცნ. გამოცემის სარედაქციო კოლეგიათა წევრი („იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, „თანამედროვე ქართული ენის იდეოგრაფიული ლექსიკონი“ და სხვ.).
მ. ეწეოდა აქტიურ საზ. და პოლიტ. საქმიანობას. 1990–91 იყო საქართვ. რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.
ს. ომიაძე