მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე

მ. მაჭავარიანი

მაჭავარიანი მუხრან ივანეს ძე (12. IV. 1929, სოფ. არგვეთი, ახლანდ. საჩხერის მუნიციპალიტეტი, – 17. V. 2010, თბილისი), პოეტი, მთარგმნელი, ლინგვისტური ნაშრომების ავტორი, საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (2009), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1987), საქართვ. მწერალთა კავშირის თავ-რე (1988–92). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1954). იყო ჟურნ. „ცისკრის" პოეზიის განყ-ბის გამგე (1957–63); ჟურნ. „პიონერის" (1963–64), ჟურნ. „დილისა" (1967–82) და ალმანახ „საუნჯის" (1982–88) მთ. რედაქტორი; საქართვ. პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოსა (1989–91) და მე-5 მოწვევის პარლამენტის (1999–2004) წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991, 9 აპრილი).

1952 თსუ-ის ლიტ. წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში" გამოაქვეყნა პირველი ლექსები, 1955 – პირველი წიგნი „ლექსები". მ-ის შემოქმედება იმთავითვე გამოირჩეოდა როგორც თემატური სიახლით, ასევე – პოეტური ფორმის ნოვატორობით. იგი XX ს. 40-იანი წლების ბოლოს ახალი ესთეტიკის დამამკვიდრებლად მოგვევლინა – აღადგინა ხელოვნურად გაწყვეტილი კავშირი 20-იანი წლების ავანგარდისტულ ტრადიციებთან, რ-თა განვითარებამ პოეტის შემოქმედებაში, ეპოქის შესაბამისად, პოსტმოდერნისტული სახე მიიღო. ამ სტილის ნიშნებმა მკაფიოდ და დიდი მხატვრული ძალით იჩინა თავი 1958 დაწერილ პოემაში „ვახტანგი". მ-ის ლექსების ერთი მძლავრი ნაკადი პატრ. ლირიკაა („საბა", „შენ – სისხლო ჩემო...", „დავითი და კონსტანტინე", „საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე...", „ანდუყაფარო...", „დუმილი რეკავს", „ხარ საესავი ჩემთვის ტაძარი" და სხვ.). მან ქართ. პოეზია ფილოს. ლირიკის უაღრესად საყურადღებო ნიმუშებითაც გაამდიდრა. მ-ის შემოქმედების ეს ნაწილიც თვალშისაცემი ორიგინალურობით, წერის პარადოქსული მანერით, გონებამახვილობითა და ღრმა აზროვნებით გამოირჩევა („თქვი", „ვეძებ და ვეძებ", „გაივლის დრო და...", „გუშინ ნატრობდა ვინც დაფნის გვირგვინს...", „ამ საწუთროსი როა კანონი..." და სხვ.). ჭეშმარიტი ლირიკოსი, მზის, გაზაფხულის, სიყვარულის, სიკეთის მომღერალი („განთიადია!..", „უძლიერესი გაზაფხული", „ფართო ნაბიჯით მივდივარ გზაზე", „კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა..." და სხვ.), ამავე დროს, სოც. უგვანობათა („სხდომა", „ხმას ამოიღებ...", „არა იმიტომ...") და ეროვნულ ნაკლოვანებათა („მიზეზი ყოვლის", „თქვა ოპიზარმა", „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!" „სიტყვა თქმული ფილადელფოს კიკნაძის მიერ ძმათა თვისთა თანა, შუამთაში", „ფასკუნჯი"...) დაუნდობელი კრიტიკოსიც არის. იგი ზედმეტი რევერანსების გარეშე აცხადებდა: „სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის!" 1983 გამოქვეყნებულმა ლექსების ციკლმა „1832"  საბჭ. იდეოლოგიის მესვეურთა მრისხანება გამოიწვია, ვინაიდან მათში აშკარად იგრძნობოდა საქართვ. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების არა მარტო სურვილი, არამედ მისკენ მოწოდებაც. მ-ის შემოქმედებით შემზადებულმა საზოგადოებრივმა განწყობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭ. იმპერიისაგან დამოუკიდებელი ეროვნ. ქართ. სახელმწიფოსათვის ბრძოლის პროცესში. გამორჩეულია მისი პოეტური ტექსტების ენა, კერძოდ, უახლესი სასაუბრო მეტყველებისა და ძვ. ქართულისთვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმების თანაარსებობა, ასევე ორიგინალური სინტაქსური კონსტრუქციები, სემანტიკითაც და ბგერითი შემადგენლობითაც გამორჩეული რითმები (ასონანსები და დისონანსები). რიტორიკული პოეზიის ჩინებული ნიმუშების გვერდით მასთან გვხვდება პლასტიკურობით აღბეჭდილი მხატვრული სახეები, რ-თა მეშვეობით განსაცვიფრებელი სიზუსტით იხატება ფიზ. მოძრაობა [„ქარი, ჩვეული ლაღობით...", „ცხენის წინა ფეხები" (პოემიდან „ვახტანგი"), „ხეები ზეცას აჩნია შავად...", „წიფლიანი"...]. ამ ლექსების სახით საქმე გვაქვს პოეტური ხელოვნების განსაკუთრებულ მიღწევებთან. ისინი სამყაროს მხატვრული ათვისების გზაზე მძლავრად წინგადადგმული ნაბიჯებია. მ-ს ეკუთვნის ენათმეცნ. ნაშრომებიც („რამდენიმე სიტყვა" და სხვ.).

მ-ის ლექსები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

თხზ.: მრავალჭირვარამ გადანახადი, თბ., 1989; ასი ლექსი, თბ., 2006.

ლიტ.: ასათიანი გ., მუხრან მაჭავარიანის ლექსები, „მნათობი", 1955, №11; ბრეგაძე ლ., მუხრანისათვის, თბ., 2019; გოგოლაშვილი გ., ქართული ქართველთ რწმენაა – ფიქრები მუხრან მაჭავარიანზე, თბ., 2019; ვაშაკიძე თ., უებრო სიტყვისმოქმედი, თბ., 2019; მაღრაძე ე., მუხრან მაჭავარიანი, თბ., 1985; მუხრან მაჭავარიანი – 90 ამბავი, თბ., 2019; მუხრან მაჭავარიანი – 90, საიუბილეო კრ., თბ., 2019.

ლ. ბრეგაძე