მაჭავარიანი ნათელა შალვას ასული (დ. 6. VII. 1939, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. 1967 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან იყო რუსთაველის, ხოლო 1970–2009 – მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი. რუსთაველის თეატრში შეასრულა შემდეგი როლები: ნაია (ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა“), ბიჭი (ბ. ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), ანგელოზი (მ. ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“); მოზარდ მაყურებელთა თეატრში: ბიჭი (გ. ჭიჭინაძის „უცნაური ბიჭი“), ნეჩიტაილო, უზუმოვი (ა. ხმელიკის „ჯართი“, „ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგშია“), მაია (ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ქუჩის ბიჭი (ვ. ტრავერსის „მერი პოპინსი“), ჟანა დ’არკი (ფ. შილერის „ორლეანელი ქალწული“, მოსკოვის ხელოვნების ფესტივალის I ხარისხის დიპლომი), დედოფალი (ა. სულაკაურის „სალამურა“), სოფიკო (თ. მაღალაშვილის „სად ხარ, სოფიკო?“, დაჯილდოვდა სიგელითა და პრემიით) და სხვ. მონაწილეობდა სატელევიზიო სპექტაკლებსა და რადიოდადგმებში. გადაღებულია ფილმებში „ორომტრიალი“ (რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1986); „ბებია ყველასათვის“ (რეჟ. ნ. დვალიშვილი, 1986). 2019 მოზარდ მაყურებელთა თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. მიღებული აქვს „თამარ მეფის ორდენი“ (2021). იყო თბილისის მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრი (2010).