მაჭავარიანი ნუნუ ილიას ასული (27. II. 1898, თბილისი, – 5. IV. 1975, ცხინვალი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1945). 1915-იდან სწავლობდა კიევის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე, 1913–15 – თბილ. სამხატვრო სასწავლებელში, 1917-იდან – თბილისში, ქართ. დრამ. საზ-ბის დრამ. კურსებზე (თავისუფალი მსმენელი). სცენაზე პირველად გამოვიდა ნაძალადევის მუშათა თეატრში (1918). მუშაობდა ქუთაისის (1920, 1924), დუშეთის (დრამწრე, 1921), ჭიათურის (1922), ბათუმის (1923) და თბილ. (1925) მუშათა თეატრებში; 1926 ისევ მიიწვიეს ქუთაისის თეატრში, სადაც ერთი წელი მუშაობდა კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით. 1929-იდან რუსთაველის, 1931–36 კი თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი იყო. შესრულებული როლები: ქაბატო, დიდედა (ა. ცაგარლის „ხანუმა“), რუქაია, გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), დეზდემონა (უ. შექსპირის „ოტელო“), ივდითი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“) და სხვ. 1937–55 მუშაობდა საქართვ. სხვადასხვა ქალაქში (ხულო, თელავი, ახალციხე, გორი) წამყვან მსახიობად; 1939–43 იყო საქართვ. ფილარმონიის ესტრადის მსახიობი; 1955 მიიწვიეს ცხინვალის თეატრში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. გადაღებულია ფილმებში: „ჭირვეული მეზობლები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1945), „მაგდანას ლურჯა“ (თებრო; რეჟ-ები: თ. აბულაძე, რ. ჩხეიძე, 1955), „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ბებია; რეჟ. ს. დოლიძე, 1959), „კეთილი ადამიანები“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1961), „ჯარისკაცის მამა“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1964), „შეხვედრა მთაში“ (რეჟ. ნ. სანიშვილი, 1966), „დიდოსტატის მარჯვენა“ (რეჟ-ები: ვ. ტაბლიაშვილი, დ. აბაშიძე, 1970), „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟ. ლ. გორდელაძე, 1971), „მშვიდობით, ინესა!“ (რეჟ. ი. ასათიანი, 1972) და სხვ.