მაჭუტაძე ოთარ, ღირსი ონოფრე გარეჯელი (გ. 1732/33), მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი. XVII ს. 70-იან წლებში გურიიდან ქართლში გადავიდა, სადაც 1683 ლევან ბატონიშვილმა „სამწევრისის მესთულეობის“ სახელო უბოძა. ბერად შედგა დაახლ. 1683–90. საეკლ. კრებამ 1690 დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იგი ენერგიულად იღვწოდა სამონასტრო ცხოვრების აღორძინებისათვის, რისთვისაც „დავითგარეჯის უდაბნოს მეორე აღმშენებელი“ უწოდეს. 1699 მისი ინიციატივით შედგა ჰაგიოგრაფიული კრებული (ხელნაწ. A–160), რ-შიც პირველად გაერთიანდა წმ. ასურელ მამათა ცხოვრების ამსახველი თხზულებანი.
მ. აქტიურად იყო ჩაბმული ქართლ-კახეთის საზ. ცხოვრებაში; დაუღალავად იბრძოდა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. ხშირად საკუთარი სახსრებით გამოხსნილ ტყვეებს მონასტრის მიწაზე ასახლებდა. მისივე დავალებით დავითგარეჯის ბერი ბესარიონ ორბელიშვილი, ქართლის მომავალი კათოლიკოსი, პირადად გაიგზავნა გურიელთან ტყვეთა გაუსყიდველობის თაობაზე პირობის მისაღებად.
ლიტ.: მაჩურიშვილი გ., არქიმანდრიტი ონოფრე (მაჭუტაძე), ისტორიის ფურცელი, „საპატრიარქოს უწყებანი“, 2018, №17(887); მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 1, თბ., 1962; ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965.
ს. მეტრეველი