მახათაძე იოსებ კონსტანტინეს ძე (15. XII. 1917, სოფ. მაღლაკი, ქუთაისის მაზრა, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 1. I. 2010, აშშ), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1981), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).
1940 დაამთავრა თსსი. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. 1948–51 იყო ტყიბულისა და ვანის რაისაავადმყოფოების მთ. ქირურგი, 1956–2006 – გ. მუხაძის სახ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი მუშაკი, სამედ. რადიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ტრანსფუზიოლოგიის განყ-ბის გამგე (1974–83). 1968–75 – თბილ. სისხლის გადასხმის სადგურის კრიობიოლოგიის პრობლემური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
არის სამეცნ. ნაშრომებისა და გამოგონებების ავტორი, მ. შ. აღსანიშნავია: „ძვლის ტვინის საკონსერვაციო აპარატი“, რ-იც დაპატენტებულია აშშ-ში (1972). წლის საუკეთესო გამოგონებისთვის დაჯილდოვდა საქართვ. მეცნ. აკადემიის პრემიით (1984).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.