მახარაძე ავთანდილ ივანეს ძე (დ. 16. VII. 1943, ბათუმი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1988). 1965 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (ა. თავზარაშვილის სახელოსნო). 1965–66 მოღვაწეობდა ზუგდიდის შ. დადიანის სახ. დრამ. თეატრში, 1966–92 იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. შესრულებული როლებია: აბიბო, გოგოლი (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“, „საბრალდებო დასკვნა“), ივანე გვერდევანიძე (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), პაპუნა პიტრიშაძე (შ. დადიანის „გუშინდელნი“), მოამბე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ტიბალტი, მეფე ედუარდ IV, კენტერბერის არქიეპისკოპოსი, მასხარა, გლოსტერი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“), პატრონი (ლ. თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“) და სხვ. გამორჩეულია ჯაყო ჯივაშვილის როლი მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებში“ თ. ჩხეიძის სატელევიზიო ფილმსა (1979) და მოსკოვის სამხატვრო თეატრის სცენაზე განხორციელებულ სპექტაკლში („ბედკრულნი“, „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით, 1983).
მ. გადაღებულია ქართ. და უცხოურ კინოფილმებში. შექმნა დამაჯერებელი, ზუსტად მიგნებულ პლასტიკაზე აგებული სახეები ფილმებში: „მიხა“ (სიკო, რეჟ. მ. კოკოჩაშვილი, 1965), „მყუდრო სავანე“ (სიმონ ბეროშვილი, რეჟ. კ. ღლონტი, 1971), „ლაზარეს თავგადასავალი“ (უსინათლო, რეჟ-ები: ქ. და რ. ხოტივარები, 1973) და სხვ. მ-ის შემოქმედებაში წარმატებებით აღინიშნა XX ს. 80-იანი წლები, ამ პერიოდში შეასრულა ორი როლი – ვარლამ და აბელ არავიძეები – ფილმში „მონანიება“ (რეჟ. თ. აბულაძე, 1986, „ვერცხლის დათვი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბერლინის საერთაშ. კინოფესტივალზე, 1988; სსრკ კინოაკადემიის პრემია „ნიკა`, 1989). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: „მიგრაციები“ (ისაკოვიჩი, რეჟ. ა. პეტროვიჩი, 1989, საფრანგეთი/იუგოსლავია), „რჩეული“ (ჯუნა, რეჟ. მ. კალატოზიშვილი, 1991), „გარეშე“ (1991, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის საერთაშ. კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“, 1993), „შავი ნიშანი“ (აჟდარ ხანბაბაევი, 2003), „ნაციონალური ბომბი“ (მონტაჟორი, 2004, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, პირველ საერთაშ. ევრაზიულ კინოფესტივალზე „ახალი კინო XXI საუკუნე“, სმოლენსკი, 2004, სამივე რეჟ. ვ. მუსტაფაევი, აზერბაიჯანი), „არხანგელი“ (სტალინი, რეჟ. ჯ. ჯონსი, 2005, დიდი ბრიტანეთი), „ყველა წავიდა“ (ცისა, რეჟ. გ. ფარაჯანოვი, 2012, რუსეთი), „მძევლები“ (სანდროს მამა, რეჟ. რ. გიგინეიშვილი, 2017) და სხვ.
სახასიათო სახეები შექმნა ფილმებში: „იმედის მწვანე კუნძული“ (რეჟ. ო. გვასალია, 1978), „შესვენება“ (რეჟ. ბ. წულაძე, 1978), „არაჩვეულებრივი რეისი“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1982), „ჟამი მოქცევისა“ (რეჟ. ნ. ომიაძე, 1982), „ბებია ყველასათვის“ (რეჟ. ნ. დვალიშვილი, 1987), „წინამორბედი“ (რეჟ. ი. კვაჭაძე, 1988), „ჩიტის გადაფრენა“ (რეჟ. ვ. გრიგორიევი, 1988, რუსეთი), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), „ცოდვის შვილები“ (რეჟ. გ. ჩოხელი, 1989) და სხვ.
მ-ის საშემსრულებლო მანერისათვის დამახასიათებელია გარეგნული სახიერებისა და შინაგანი მდგომარეობის ორგანული შერწყმა, გროტესკული მასალის იმპროვიზაციული წარმოსახვა. 2013 მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება.
მ. კერესელიძე