მახარაძე გერასიმე თომას ძე (1881, სოფ. გომი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 14. IX. 1937), დიპლომატი. ს.-დ. პარტიის წევრი. სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას, რისთვისაც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. იყო რუსეთის II სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი. 1918 დაინიშნა საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. მ. იყო საქართვ. ეროვნ. საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, თბილ. მუშათა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1919 დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკაში საქართვ. წარმომადგენლად.
1920 საქართვ. დემოკრ. რესპ. და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული 7 მაისის ხელშეკრულების თანახმად ორივე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნა. მ. საქართვ. დემოკრ. რესპ-ის ელჩად დაინიშნა საბჭოთა რუსეთში. ცდილობდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დარეგულირებას. შეხვედრები ჰქონდა ვ. ლენინთან, გ. ჩიჩერინთან, რომლის დროსაც გამართულ მწვავე კამათში იცავდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
1921 ივნისში მ. დააპატიმრეს კონტრრევოლუციონერობის ბრალდებით, თუმცა მალე გაათავისუფლეს. 1937 მენშვიკური საქმიანობის ბრალდებით კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს.
ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ., 2018; ჭუმბურიძე დ., ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში 1918–1921 წლები, თბ., 2003.
დ. ჭუმბურიძე