მახარაძე კონსტანტინე (კოკი) მიხეილის ძე

კ. მ. მახარაძე
კ. მ. მ ა ხ ა რ ა ძ ე. "თეთრი ხარი".
1969. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი.
თბილისი.

მახარაძე კონსტანტინე (კოკი) მიხეილის ძე (7. XII. 1929, ოჩამჩირე, – 6. I. 1992, თბილისი), მხატვარი. საქართველოს სახ. მხატვარი (1980). სწავლობდა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (1947–53), იქვე (1960–92) ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1973-იდან პროფესორი). იყო უ. ჯაფარიძის მოწაფე. მ-ის შემოქმედებას ახასიათებს გამოსახულების მონუმენტალიზაციის ტენდენცია – იქნება ეს ისტ. წარსული თუ თანამედროვე რეალობა. რეალისტური ხელოვნების ტრადიციით შესრულებული მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო „სუვოროვი და ბაგრატიონი ალპებში“ (1952), რ-იც ისტ.-ბატალურ ჟანრს მიეკუთვნება. იმავე ჟანრს განეკუთვნება სურათი „ასპინძის ბრძოლა“ (1961, ორივე თბილ. სამხატვრო აკადემია). 1967 მხატვარმა შექმნა ალეგორიული ხასიათის დიდი ტილო – „მიწა ქართული“, რ-იც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პანოს საქართველოში. ასევე ალეგორიულია სურათი „თეთრი ხარი“ (1969, ორივე შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი). მ-ის ძირითად ნამუშევართა შორის აღსანიშნავია სერია „იტალია“ (1976), „ბაკურიანი“ (1981), „გველის მომთვინიერებელი“ (1982), „ინდოეთი.

კ. მ. მ ა ხ ა რ ა ძ ე. "ვენეცია". სერიიდან "იტალია". 1976.

კაჯურახო“ (1983), „დიდგორი“ (1985), „ამაღლება“ (1987), „ცეცხლითა და მახვილით“ (1988), სერია „ძველი თბილისი“ (1989). მ. ნაყოფიერად მუშაობდა გრაფიკის, მ. შ. წიგნის გაფორმების დარგში. მისი გაფორმებულია ი. ჭავჭავაძის „მგზავრის წერილები“, ი. აბაშიძის „რას გადაურჩა თბილისი“ და სხვ. 1953-იდან მონაწილეობდა სხვადასხვა სამხატვრო, მ. შ. თბილ. ტრადიციულ საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებში; მისი ნამუშევრები გამოიფინა მოსკოვში, მანეჟის საგამოფენო დარბაზში (1980), დელიში, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში (1983), სტოკჰოლმის მერიაში (საქართვ. კულტურის დღეები, შვედეთში, 1988), ნიუ-იორკში, ჰოფსტრას უნ-ტში. მ-ის ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. და კიევის ხელოვნების მუზეუმებში, დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. და ტრეტიაკოვის სახელმწ. (მოსკოვი) გალერეებში, თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში, კერძო კოლექციებში.

 

თ. გერსამია