მახარაძე ტატიანა ხარიტონის ასული (25. XII. 1920, ბათუმი, – 8. IX. 2007, თბილისი), მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1955). ასრულებდა ქართულ ხალხურ და საესტრადო სიმღერებს, უკრავდა ფანდურზე, ჩონგურზე. დაამთავრა ბათუმის მუს. ათწლედი (ფორტეპიანოს კლასი). 1937 მიიწვიეს ქალთა სახელმწ. ანსამბლში სოლისტად (ხელმძღვ. კ. და ა. ფოცხვერაშვილები). 1949-იდან იყო საქართვ. ფილარმონიის სოლისტი. 1949 მიიწვიეს ი. სტალინის დაბადების 70-ე წლის საიუბილეო საღამოზე მოსკოვში, სადაც შეასრულა სპეციალურად მისთვის რუსულად თარგმნილი „სულიკო“. 1950-იდან იყო „Госконцерт“-ის სოლისტი. მ-მ ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა და ჩაწერა ქართ. სიმღერები საზღვარგარეთ. იყო ახალგაზრდული და სტუდენტური IV საერთაშ. ფესტივალის I პრემიის ლაურეატი (ბუქარესტი, 1953). მ-ის რეპერტუარში იყო როგორც ხალხური, ისე ქალაქური და ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები („მოხევის ქალო თინაო“, „არწივი ვნახე დაჭრილი“, „მე ქართველი ბუხაიძე“, ნ. სულხანიშვილის „დაიგვიანეს“, ს. ცინცაძის „დილით რად გიყვარს ტოროლავ სტვენა“ და სხვ.). წლების განმავლობაში (1960–80) რადიოგადაცემა „ძილისპირული“ იწყებოდა მ-ის ნამღერი „იავნანათი“. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).