მახე-ხაფანგი, ნადირთა და ფრინველთა მისატყუებელი და დასაჭერი მოწყობილობა. მისი დაგების წესს განსაზღვრავდა ნადირის თვისება და ადგილსამყოფლის თავისებურება. საქართვ. ეთნოგრ. ყოფაში გვხვდება მ.-ხ-ის საკმაოდ ძველი ტიპების ნაირსახეობანი. ძველთაგანვე ცნობილია ავტომ. თვითმჭერი და ადამიანის უშუალო ჩარევით მოქმედი მ.-ხ. მოქმედების პრინციპის მიხედვით ავტომ. ძალით მოქმედი მ.-ხ-ები 2 ჯგუფად იყოფა: 1. სასხლეტის პრინციპზე აგებული ნადირის (კვერნა, დათვი და სხვ.) დასაჭერი სარეგვები (კოდი, გობი, ჩელტი, სათაგური), რ-საც საფუძვლად უდევს სასხლეტი მექანიზმი და დაცემის ძალის მოქმედება; 2. მარყუჟით მოქმედი საგები (პწკალა, ღურკო, აკანათი და სხვ.), რ-ის მარყუჟში მოქცეული ფრინველი თუ ცხოველი თავისი ტანის სიმძიმითვე იგუდება. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ჯიხვის დასაჭერად იყენებენ ხუნდას, მტაცებელი ნადირისათვის კი – ფიცრის ან მოწნულ ხაფანგებს. აგრეთვე გავრცელებული იყო თოფისა თუ მშვილდის დაგება: ფეხზე შეყენებული თოფის ჩახმახის სასხლეტზე გამობმული თოკის დაჭიმვით ნადირი ადამიანის ჩაურევლად ცლიდა თოფს. ნადირობის დროს ასევე იყენებდნენ ადამიანის უშუალო ჩარევით მოქმედ მრავალნაირ მ.-ხ-ს, ბადეებს და ა. შ. ხის ხაფანგთან ერთად საქართველოში ცნობილი იყო რკინის ხაფანგი: ცალმშვილდიანი – წვრილი, ორმშვილდიანი – მსხვილი ნადირისათვის.
ლიტ.: რობაქიძე ა., შრომის მარტივი კოოპერაციის გადმონაშთები რაჭაში (კოლექტიური ნადირობა), თბ., 1939; მისივე, შრომის ორგანიზაციის ფორმები ძველი საქართველოს სახალხო მეურნეობაში, თბ., 1941.
მ. ქანთარია