მახვილაძე ნიკოლოზ ივანეს ძე (12. VIII. 1890, თეთრი წყარო, – 12. XI. 1944, თბილისი), თერაპევტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941).
1914 დაამთავრა სამხ.-სამედ. აკადემია. 1925 მისი თაოსნობით დაარსდა პროფ. სნეულებათა პოლიკლინიკა, ხოლო მის ბაზაზე, 1927 – შრომის ჰიგიენისა და პროფ. დაავადებათა ინ-ტი (ამჟამად, ნ. მახვილაძის სახ. შრომის, მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი), რ-ის დირექტორი იყო გარდაცვალებამდე. 1945-იდან ინ-ტს მიენიჭა მისი სახელი. მ. სხვადასხვა დროს განაგებდა თსუ-ის, თბილ. სამედ. და ექიმთა დახელოვნების ინ-ტების თერაპიის კათედრებს.
მ-მ პირველმა გამოთქვა მოსაზრება საქართველოში პელაგრის ენდემურობისა და მასთან ბრძოლის აუცილებლობის შესახებ. დაადგინა საქართველოში ანკილოსტომიდოზის (გ. დიდებულიძესთან ერთად) და ბრუცელოზის ენდემურობა. იკვლევდა სამხარეო პათოლ., რევმატიზმის, მალარიის კლინიკისა და გავრცელების, ჰიპერტონული დაავადების პათოგენეზისა და სხვა საკითხებს.